Pages

Sunday, May 2, 2010

PRO DOMO SUA

PRO DOMO SUA ვაჟა-ფშაველა
PRO DOMO SUA

ვაჟა-ფშაველა , ილია ჭავჭავაძე



ამას წინათ “მოამბე”-ში იყო დაბეჭდილი წერილი ჩვენის მხცოვანის და პატივცემულის მგოსნის რაფიელის იუბილეის გამო, სადაც ბაჩანა და ვაჟა-ფშაველაც იყვნენ მოხსენიებულნი, პატივცემული ავტორი ზემოხსენებულის წერილისა ბ-ნი გრ. ყიფშიძე ამავე აზრს ჩვენზე იმეორებს რუსულს გაზეთში (იხ. “ნოვ. ობოზრენიე”, ¹4139) ბ-ნს ყიფშიძეს ზოგი რამ შეცდომა მოჰსვლია და ამ შეცდომის გამოსწორება ეხლავე საჭიროდ მიმაჩნია, რომ შემდეგში ჩვენის ლიტერატურის ისტორიკოსს ავაცილო ეს შეცდომა. თავის პიროვნებაზე საუბარი, ცოტად კი არა, ბევრად საჩოთიროა, მაგრამ საქმემ, გარემოებამ მოიტანა, არ შეიძლება, ვინც როგორ უნდა ჩამომართოს ასეთი მოქცევა, ცოტა ხანს ჩემის პიროვნებით არ დავავალო “მსმენელთა ყურნი”.

საქმე ის არის, რომ ათი წელი კი არ არის, რაც მე წერა დავიწყე, მეტია; მაშინ გამუდმებით არ ვწერდი და არც შემეძლო, რადგან ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, შეგირდი გახლდით. წერა დავიწყე 1878–ში კორესპოდენციებიდამ შესახებ ხევსურეთისა და ფშავისა “დროება”-ში. შემდეგ წლებშიაც ვბეჭდავდი ფელეტონებს ხანგამოშვებით; ბოლოში ვაწერდი “ლ. რ-ზ...”ს; ერთს ფელეტონს, მახსოვს კარგად, “ლ.რ-ზ...”-ს მაგივრად აწერია “ლ.ზ-რ”. 1881 წ. დამლევს თუ 1882 წ., კარგად არ მახსოვს, იბეჭდებოდა ჩემი წერილები ფსევდონიმით “კათაკმეველი”. საუბედუროდ, სამწუხაროდ ეს გაზეთები ხელთ არა მაქვს, რომ მკითხველს ვუჩვენო ნომერი გაზეთისა; დღესხნამდის იმ დროისა შემრჩენია მხოლოდ ერთი ნომერი “დროებისა” (იხ. “დროება” ¹184, 1880 წ. კორესპოდენცია “ს. ხახმატი”).




ჟურნალ “იმედშიც” ვბეჭდავდი ლექსებს. რასაკვირველია, იმ ლექსებში ბევრი არა ყრია რა, იქნება ცოტა რამ კი ეტყობოდეს ნიშან-წყალი გრძნობისა.
სადავოდ გახდა აგრეთვე ის გარემოება: ჰქონდა თუ არა გავლენა ჩვენს ძმებზე –რაზიკაშვილებზე რაფიელს. რაკი ეს კითხვა პირდაპირ დაგვიყენეს, მე პირადად სამარცხვინოდ მიმაჩნია, სიმართლით არ ვაღიარო ჩემის მხრით საქმის ყოველივე გარემოება.
ჩვენში ძალიან სათაკილოდ და ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვის გავლენა. მე კი ეს წესიერ, საღ, ნორმალურ და აუცილებელ მოვლენად მიცნია იმ კანონის ძალით, რომელსაც ჰქვიან კანონი თანდათანობისა. აქ საკვირველი არა არის – რა. გამოჩენილი რუსების კრიტიკოსი ბელინსკი განა ტყუილად ამბობს სახელოვანს რუსების პოეტს პუშკინზე: რომ დერჟავინი არ ყოფილიყო, პუშკინიც არ იქნებოდაო. დიდებული პოეტები, გენიოსად ცნობილნი, ხშირად უნიჭო პოეტებს ჰბაძავდენ წინა–პირველად, მაგრამ იმათ თავისებურებას ეს არაფერს უშლიდა. ზემოქმედება მწერალზე აუცილებლად საჭიროა, უამისოდ მწერალი ცარიელი, უშინაარსო არსება იქნებოდა, თუ ამასთანავე იგი ცოცხლად გამომსახავი არ იყოს შთაბეჭდილებათა. რამ უნდა ააჟღეროს მისი ჩანგი თუ ან ამბავი არ გაიგონა, ან ლექსი, ან საქმე, გარემოება ცხოველებისა არა ნახა ამაღელვებელი, ან ბუნების მოვლენით მიუყრუა ყური? აი ეს გარეგანი ფაქტორებია, ხოლო შინაგანი გული გახლავთ, რომელიც ამათ ითვისებს, ყალიბში ასხამს. ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს.



ჩემზე უნდა მოგახსენო, ყველაფერს, რაც კარგი და ხელოვნური რამ დაწერილა, ზემოქმედება, ძალა ჰქონია, აღტაცებაში მოვუყვანივარ, მომწონებია. რა თქმა უნდა, თ. რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურ მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული, სხვანაირად შეძრა იგი. ამასთანავე ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ თუმც მაშინ შეგირდი გახლდით, მაგრამ ხალხური, ფშაური, ხევსურული ლექსები ბევრი ვიცოდი; ეს კილო მიყვარდა, ჩემს გულში განსაკუთრებული კუთხე ეჭირა; თუმც მაშინ ლექსებს ვწერდი, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ვბღაჯნიდი, მაგრამ ამ საერო კილოზე წერას ვერა ვბედავდი, რადგან მწერლობაში ლექსების წერის კილოდ არ იყო მიღებული, არამედ სხვა კილო მეფობდა. ჯერ დღესაც სჭირს ამ ფშაურს კილოზე ნაწერის ლექსების საზოგადოებისაგან ყურის დაგდება და მაშინ ხომ უფრო საძნელო იქნებოდა. ჩვენმა სახელოვანმა მხცოვანმა მგოსანმა რაკი საერო კილო დაუმკვიდრა ლექსებს და ჟურნალ “ივერიამ” გზა დაუთმო, მეც გაბედულება მომემატა. 1883 წელს დავწერე “შვლის ნუკრის ნაამბობი”, დამლევს იმავე წლისა – “მოხუცის ნათქვამი”. ორივე ეს ნაწერი ერთად იმავე 1883 წ. წარვუდგინე “ნობათის” რედაქტორს ბ-ნს ანდ. ღულაძეს, მაგრამ ერთს მათგანს, ისიც ნახევარს, “შვლის ნუკრის ნაამბობს”, მესამე წელს ეღირსა დაბეჭდვა, ხოლო მეორეს - “მოხუცის ნათქვამს” არა. იმ ხანებში გამოვიდა “ივერია” გაზეთად და იქ წარვადგინე. “ნობათის” რედაქტორის დაწუნებული პოემა “ივერიის” რედაქტორმა აღტაცებით მიიღო. ასე, ეს პოემა სამი თუ ოთხი წელი უქმად იდვა “ნობათის” რედაქციაში და მე სოფლიდამ გულის ფანცქალით თვალყურს ვადევნებდი, როდის ვნახავდი იმას დაბეჭდილს. ამაზე თვით ბ-ნი ანდ. ღულაძეს არ იტყვის უარს, ან კი რა საკადრისი იქნება?



უნდა გატეხილი მოგახსენოთ, რომ თუმც არავითარი მსგავსება არ არსებობს, და იქნება ვერცა ვის შეენიშნოს, “მოხუცის ნათქვამსა” და თ. ილია ჭავჭავაძის “დიმიტრი თავდადებულს” შორის, მაგრამ ამ პოემის წერის დროს “დიმიტრი თავდადებულს” ჰქონდა ჩემზე გავლენა, ვიდრე სხვა რომელიმე მშობელ ლიტერატურის ნაწარმოებს, უფრო კი მის ფორმას...
ასეთია ხშირი საიდუმლოება წერისა, მოდი, რას იზამთ. რად გიკვირთ? გრ. ლეონ ტოლსტოი შესანიშნავი მწერალია; იმას თვით ტურგენევმა უწოდა “დიდებული მწერალი რუსეთისა”, და იცით რასა სწერს თავის თავზე?! “მთელს ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ორს რუსის მოაზრე კაცს ჰქონდათ დიდი ზნეობრივი გავლენა, გამიფართოვეს აზრი და ნათლად დამიხატეს ჩემი შეხედულება ქვეყანაზე. ეს კაცები არ იყვნენ არც რუსის პოეტები, არც სწავლულები, მქადაგებელნი; ეს კაცები იყვნენ, და დღესაც ცოცხალნი არიან, მიწის მუშა გლეხკაცნი სიუტაევი და ბონდარევი, რომლებიც მთელს სიცოცხლეს მიწის მუშაობას ალევენ”.



ამას ამბობს ლეონ ტოლსტოი და ვინ იქნება ისეთი თავხედი და გაუგებარი, რომ აქაო და სიუტაევს და ბონდარევს ჰქონდათ გავლენა ტოლსტოიზე, ამიტომ ყველა ტოლსტოის ნაწერები მისი კი არა, გლეხთა სიუტაევისა და ბონდარევის გონების ნაწარმოებიაო.
თვით პუშკინი ეუბნება ერთს გამოჩენილს საერო ნაწარმოებთა მკრებელს, როცა იგი მოვიდა მასთან: იცით, მე თქვენს ლექსებს ვიპარავო. ჩვენებმა რომ ეს გაიგონონ, დიაძახებენ: “ბიჭოს! პუშკინი ქურდი ყოფილა, ხალხისათვის უპარნია ლექსებიო!” დიაღ, პუშკინის შემოქმედობაზე საერო ნაწარმოებთა, ვინც კი იცნობს რუსეთის საერო ლიტერატურას, დამეთანხმება რომ დიდი ზემოქმედება ჰქონდა. იმან შეისისხლხორცა ერის სულიერი სალარო და ამაშია კიდეც მისი დიდებულება, ამას ნაკლად კი არა, უდიდეს ღირსებად უთვლიან ჭკუათმყოფელნი.


თქვენს უმორჩილეს მონაზე – ვაჟა ფშაველაზედაც. უნდა მოგახსენოთ, დიდი ზემოქმედება აქვს ხალხურ თქმულებათა. უმეტესი ჩემი პოემები ხალხში გაგონის ორ-სამ სიტყვაზეა აშენებული. იქნება ეს ჭირიც იყოს? რა ვქნათ, ასე კია და... ნათქვამია: კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო.

ვაჟა-ფშაველა, ლეო და დათიკო ცისკარიშვილები


ვაჟა-ფშაველა 1896 წ

No comments: