Pages

Wednesday, June 6, 2012

ხატმა გაიხადა რუსული სამოსი....


ხატმა გაიხადა რუსული სამოსი....

ერთობით შექმნილი მომავალი - სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში

პაატა ბურჭულაძესაქართველოს სულიერების საუნჯე, ქართველი ერის გადარჩენის შანსი... ალბათ ღვთით მოვლენილი სასწაულია ის, რასაც საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ხორცს სულ მალე შეისხამს.
მახათას მთაზე ქართული სულიერების, კულტურისა და განათლების კერა აღმოცენდება, რომელსაც ოპერის უდიდესი მომღერალი, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა. საღამომ როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან ემოციურად ჩაიარა, ნაჩვენები იყო ტაძრის პროექტი 3D ფორმატში ვიდეოს სახით, ასევე მაკეტი.
საღამოს დასაწყისში პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილეობისთვის.










პაატა ბურჭულაძე: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მოხდება იმ ტაძრის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე 145 ათასი ადამიანია ჩართული ტაძრის მშენებლობის პროცესში. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება საკუთარი წვლილი შევიტანოთ ტაძრის მშენებლობაში.
საღამოს დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა. საზოგადოებას მერმა სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიგი უგულავა: მისი უწმინდესობის კურთხევით საქართველოში უამრავი ტაძარი აშენდა, თუმცა ამ კონკრეტული წამოწყების მნიშვნელობა სწორედ ხალხურობაში მდგომარეობს. ხშირად იყო საუბარი ვინ იყო პირველი შემომწირველი ამა თუ იმ ტაძრის მშენებლობისას, დღეს კი ყველა ერთია და ეს ერთობა ქმნის ამ მძლავრ სულისკვეთებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი. ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ერთობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას.
საღამოს ესწრებოდნენ ტაძრის მშენებლობის პროცესის უშუალო მეთვალყურენი და მონაწილეები, ე.წ. ქტიტორები.




მამუკა ხაზარაძე: ყველას გახსოვთ ჩვენი უწმინდესის მოწოდება "ქართველნო ერთად ღვთისაკენ". დღევანდელი დღე არის ამ მძიმე გზის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ვერთიანდებით, რომ გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ტაძრის მშენებლობა არის ძლიერი ლოცვა, მიტევება, მონანიება და გვერდით დგომა. სწორედ ეს არის ის მაგალითი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკლია. ბოლო 35 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ ამ ტაძრის მშენებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო პაატა ბურჭულაძეს. მე ბიზნესს წარმოვადგენ და ვიცი რამდენად რთულია სხვისი ფულის მართვა და მასზე პასუხისმგებლობა. პაატამ იტვირთა უზარმაზარი ტვირთი უწმინდესის კურთხევით და მას ღირსეულად ასრულებს.
საზოგადოებას სიტყვით უწმინდესმა და უნეტარესმაც მიმართა. მან პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყველა ის ადამიანი დალოცა, ვინც მასში მონაწილეობას ღებულობს.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე: ის ვინც აშენებს მიწაზე ტაძარს - აშენებს თავის სულიერ ტაძარს, ის ვინც ანგრევს - ანგრევს თავის სულიერ ტაძარს. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, ჩემთან იყო დელეგაცია, რომელთა შორის იყო ერთი ჩინელი ადამიანი. მე ვუთხარი, ჩინეთი ასე მდიდარია ფილოსოფიური აზროვნებით და როგორ მოხდა, რომ ჩინელმა ხალხმა მიიღო კომუნისტური იდეები. მან მიპასუხა, რომ ადამიანის ცხოვრება ემსგავსება სპირალს, არის დაცემები და აღმავლობა. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დაცემის მდგომარეობაშიო. მე ვმადლობ უფალს, რომ ჩვენ ვიმყოფებით აღმავლობის პერიოდში, როცა ქართველი ადამიანი აშენებს ეკლესია-მონასტრებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ადამიანი მიდის ამ სრულყოფის კიბეზე და მინდა ყველას მადლობა მოვახსენო, ვინც შრომობს ამ დარგში. ამ შემთხვევაში უნდა აშენდეს ეს დიდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "ივერიისად" წოდებული ტაძარი და მონასტერი. ეს იქნება ლოცვისა და სულიერი მოღვაწეობის ადგილი. ეს იქნება დიდი მეცნიერული ძეგლი. მთავარი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც ეს მორჩილად მიიღო და მინდა ის დავლოცო. მინდა დავლოცო არქიტექტორები, მუშები, რომლებიც შრომობენ ამ ტაძრის მშენებლობაზე. ბოლოს მინდა გითხრათ, თუ გახსოვთ, როცა შენდებოდა სამების ტაძარი ჩვენ დავწერეთ ჩვენი გვარები და სახელები ქვებზე და ჩავაყოლეთ საძირკველში. 17 აპრილს დაიწყება მშენებლობა და იქამდე მოვამზადოთ ქვები და ჩავაყოლოთ საძირკველში. ასევე საძირკველში იქნება ჩატანებული სიწმინდეები მთელი მსოფლიოდან, მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და ღმერთმა აგვაშენებინოს ეს წმინდა ტაძარი.
საღამოს ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, primetimenews-ი ესაუბრა ადამიანს, რომლის ხილვის შემდეგაც გაჩნდა კომპლექსის მშენებლობის იდეა.
გულნარა კუკულაძე: მე მქონდა ხილვა 2001 წლის 10 სექტემბერს. ღვთისმშობელი მობრძანდა მახათას მთაზე და ითხოვდა ტაძრის მშენებლობას, ითხოვდა საყდარი ამიშენეთო. ვუთხარი ვინ დამიჯერებს ამასთქო და მაჩვენა ამერიკაში 2 შენობა იწვოდა. მითხრა ეს მოხდებაო. თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, რადგან ამერიკა უზარმაზარი ქვეყანაა და რთული იყო ასეთი რამ მეთქვა. როცა ეს ამბავი მოხდა მივხვდი, რომ სიმართლე იყო. ამის შემდეგ მივედი ტაძრებში და მოძღვრებს ვუყვებოდი. ბოლოს საპატრიარქოში მივედი და მოვყევი, ყველა გაოცდა. იქ ღვთისმშობლის კარიბჭის ხატი მაჩვენეს, მაგრამ ვერ ვიცანი, ქართული კაბა ეცვა, მე კი რუსულ კაბაში მყავდა ნანახი. თურმე რამდენიმე წლის წინ ხატმა გაიხადა რუსული სამოსი. მე მან ხილვაში მითხრა საქართველოში ქართული კაბით მოვდივარო.
საღამოთი და მისი მნიშვნელობით აღფრთოვანებული იყო საზოგადოება.





ლევან კოღუაშვილი: შარშან იყო საძირკველის კურთხევა და გადავწყვიტეთ აღგვებეჭდა ხალხის ამოსვლა. გადავიღეთ ფაქტიურად დოკუმენტური ფილმი. ფაქტი, რომ ამ ტაძარს აშენებს მთელი საქართველო, ვფიქრობ გამორჩეულს ხდის მშენებლობას. გარდა ამისა, ტაძარს კავშირი აქვს ივერონის მონასტერთან, ათონის მთასთან, სადაც ერთ-ერთი მთავარი სულიერების ცენტრი იყო. მონასტრის გარეთ საგანმანათლებლო ცენტრის აშენება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
თამრიკო ჭოხონელიძე: ეს დღე არის ძალიან დიდი განაცხადი ჩვენი ერთად ყოფნისა, ჩვენი შეკავშირებისა, იმისა რასაც ჰქვია უფლის წინაშე ჩვენი დიდი გამოცდის ჩაბარება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამ გამოცდას ჩააბარებს. დიდი მადლობა ჩვენს უწმინდესს ამ დიდი ნაბიჯისთვის, ასევე პაატა ბურჭულაძეს და მთელ ამ დიდ კოლექტივს.
ანი ყაზაიშვილი



No comments: