Pages

Powered By Blogger

Thursday, April 21, 2011

წერილი გერმანიის საელჩოსადმი



ამბროსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის წერილი გერმანიის საელჩოსადმი :
«საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება.
წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია «ოფიციალურ» საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე, და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია როგორც მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა.
გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს.
მე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდას.
ფერაძე გერმანიის დიდი მოყვარული და თაყვანისმცემელია. ამდენად, მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საშუალება გვექნება საეკლესიო საკითხებში გერმანიასთან დავამყაროთ კავშირი.
ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.
გელათის მონასტერი
1921 წ. 6 დეკემბერი 19
ამბროსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


გრიგოლ ფერაძე

პირველი გერმანელი, რომელმაც ხელი შეუწყო გრ. ფერაძის გერმანიაში გამგზავრებას და რომლის სარეკომენდაციო ბარათიც ახლდა კათალიკოს-პატრიარქის ამბროსის წერილს, იყო არტურ ლაისტი. მან თარგმნა კათალიკოსის წერილიც, მიწერილი დოქტორი ლეფსიუსისადმი. იგი წერდა:
«ღრმად პატივცემულო ბატონო,
ამ წერილის მომტანი, ბატონი გრიგოლ ფერაძე, ქართველი ახალგაზრდა, აპირებს ბერლინში ევანგელისტური თეოლოგიის შესწავლას, რათა შემდეგ თავის სამშობლოში ქართული სამღვდელოების სულიერი და მორალური აღმავლობისათვის იზრუნოს. ბატონი ფერაძე ძალიან მონდომებულია და მე იგი ძალიან თბილად წარმომიდგინა ქართული ეკლესიის მწყემსმთავარმა. თუმცა ახალგაზრდა კაცის ფულადი სახსრების სიმცირისა და ქართული ეკლესიის მმართველობის ამჟამინდელი გაჭირვების გამო საკმარისი ფინანსური შესატანის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ გერმანიის კულტურული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკლესიის ჩართვა გერმანელი მეცნიერების გავლენის სფეროში და ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ ახალგაზრდა კაცს ბერლინში ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენ …
მრავალი წელია, რამდენადაც შემიძლია, ვიღვწი საქართველოში გერმანიისადმი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად და საქართველო-გერმანიის მეგობრობის განსამტკიცებლად. ახლაც ყოველ ღონეს ვხმარობ, რათა ხელი შევუწყო ჩვენს საგარეო კულტურულ პოლიტიკას. მთელი წინა აზია გერმანული ორიენტაციის მატარებელია, გარდა სომხებისა, რომლებიც ჯერ კიდევ მსოფლიო ომის დაწყებამდე იდგნენ ჩვენი მტრების მხარეზე, ხოლო ომის დროს კავკასიაში ყოველივე გერმანულის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. როცა ინგლისელებმა დაიკავეს კავკასია, სომხები ისევ ძალიან გამომწვევად გამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ … მე ბევრი მიწერია სომხებზე: 1912 წელს ბერლინში გამოვაქვეყნე ერთი ტომი-სომხური ლექსების გერმანული თარგმანი, 30 წელი მეგობრულად ვიყავი განწყობილი მათდამი, მაგრამ ახლა საბოლოოდ «განვიკურნე» ამ მეგობრობისგან. ბატონ გენერალ ფონ კრესს (ამჟამად გერმანიის სამხედრო სამინისტროშია, ბერლინში), მისი აქ ყოფნის დროს, 1918 წელს, ბევრი რამ მოვუყევი სომეხთა უმსგავსო საქციელზე. ახლა მან იგივე შეიტყო სხვებისაგანაც და დარწმუნდა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიქცევით, გერმანია-საქართველოს მეგობრობას რომ ვუწყობთ ხელს.
ამიტომ ვანდობ თქვენს კეთილ ზრუნვას ბატონ ფერაძესაც და აქვე გაახლებთ ნაწყვეტს ერთი წერილიდან, რომელიც საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა აქაური გერმანელებისათვის გადმომცა.
ღრმა პატივისცემით, არტურ ლაისტი, მწერალი
თბილისი 1921 წ. 10 ოქტომბერი»


არტურ ლაისტი

არტურ ლაისტის ამ წერილის თარგმანი, შესრულებული თვითონ არტურ ლაისტის მიერ, ინახება ი. ლეფსიუსის არქივში. სად ინახება თვითონ წერილი, ჩვენთვის უცნობია.
არტურ ლაისტის წერილი, როგორც აღვნიშნეთ, მიმართულია დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსისადმი, რომელთანაც ჩავიდა პირველად გრ. ფერაძე ბერლინში. ამ პიროვნებას, რომლის სახელიც გერმანიაში კარგადაა ცნობილი, ქართული საზოგადოება შედარებით ნაკლებად იცნობს.

იოჰანეს ლეფსიუსი (1858-1926)

იოჰანეს ლეფსიუსი (1858-1926) არის თეოლოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მე-20 საუკუნის გერმანიაში.

ი. ლეფსიუსმა დიდი მზრუნველობით მიიღო ახალგაზრდა ქართველი თეოლოგი, სტიპენდია დაუნიშნა მას, ხელი შეუწყო გამხდარიყო ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. გრ. ფერაძეზე ზრუნვა მან ღვთისგან მიღებულ დავალებად ჩათვალა და მთელი ცხოვრების მანძილზე მამობრივ ყურადღებას იჩენდა მისდამი.
აი, რას წერს იგი ერთ-ერთ წერილში თავის მეგობარს:
«4 იანვარს ახალგაზრდა თეოლოგი სტუდენტი მოვიდა ჩემთან თბილისიდან, ქართველი, საქართველოს ეკლესიის პატრიარქის წერილით. ეს ეკლესია, რომელიც ისევე ძველია, როგორც სომხური და კონსტანტინე დიდამდის დაარსებული, ერთი საუკუნის წინ მთლიანად რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოტყუებით მიიერთა, კათალიკოსი ექვემდებარებოდა პეტერბურგის წმ. სინოდს. ქართველი ახალგაზრდა თეოლოგები იძულებულნი იყვნენ კიევში ან მოსკოვში ესწავლათ თეოლოგია. ახლა რუსული კავკასიის გათავისუფლებამ ქართული ეკლესიაც გაათავისუფლა და კათალიკოსს შეუძლია თავისი სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები იქ გაგზავნოს, სადაც მოესურვება. მაგრამ ქართული ეკლესია ბოლშევიკებმა ისე გაძარცვეს, რომ იგი სრულიად გაღატაკდა. მიუხედავად ამისა, კათალიკოსმა ღვთის იმედით გამოგზავნა თავისი სემინარიის ერთი ნიჭიერი მოსწავლე გერმანიაში და რაკი ჩემს შესახებ სმენოდა, მთხოვა დავეხმარო, რათა აქ თეოლოგია ისწავლოს. ასე ჩამოვიდა ახალგაზრდა ფერაძე როგორც პირველი ქართველი თეოლოგი სტუდენტი გერმანიაში. … ვინაიდან საქართველოს ეკლესიას არა აქვს თეოლოგიური სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე და ბიბლიის თარგმანიც კი არ გააჩნია თანამედროვე ქართულზე, ფერაძე აღსავსეა სურვილით, შეავსოს ეს ნაკლი ბერლინის თეოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. რაკი იგი მთლიანად მე მომენდო, რათა ვუხელმძღვანელო, კათალიკოსის სურვილის თანახმად, ე.ი. მე ღვთისგან მივიღე ეს დავალება. ერთი შეიძლება გამრავლდეს, რითაც ევანგელისტური თეოლოგია ღია კარს იპოვის უძველეს ქართულ ეკლესიაში»

ბერლინის უნივერსიტეტში გრ. ფერაძე სამი წლის მანძილზე სწავლობდა თეოლოგიასა და აღმოსავლეთმცოდნეობას - 1922 წ. ზაფხულის სემესტრიდან 1924-25 წლის ზამთრის სემესტრამდე. იგი პოტსდამში ცხოვრობდა და შეეძლო ენახა ხოლმე დოქტორი ლეფსიუსი, რომელიც პირადად ასწავლიდა რამდენიმე საგანს. გრიგოლი გულმოდგინედ სწავლობდა, რათა კარგ სპეციალისტად დაბრუნებულიყო სამშობლოში. სამშობლოდან კი ცუდი ამბები მისდიოდა. ამის შესახებ თვითონვე წერს თავის უფროს მეგობარსა და მასწავლებელს:
«ცუდი ცნობები მომდის ჩემი ქვეყნის შესახებ. არეულობაა, ჩაგვრა, ქუთაისის მიტროპოლიტ ნაზარის მკვლელობა … ის ჩემი მეგობარი და მასწავლებელი იყო და ძალიან ბევრი გააკეთა ჩემი გერმანიაში გამოგზავნისათვის. 68 წლის მიტროპოლიტი ერთ წელიწადზე მეტ ხანს ციხეში იჯდა. ახლახან გამოუშვეს და ქუთაისში ცხოვრობდა. ბოლშევიკებს, რომლებსაც ეკლესიის გახლეჩა სურთ, უნდოდათ მისთვის პატრიარქობის გადაცემა, რადგან მისი უწმინდესობა პატრიარქი ამბროსი ავადაა და ჯანმრთელობა შერყეული აქვს. მიტროპოლიტმა, რა თქმა უნდა, უარი თქვა ამაზე … მასთან ერთად დავკარგე ყოველივე საუკეთესო, რაც სამშობლოსთან მაკავშირებდა და მახარებდა»

No comments: