Pages

Tuesday, April 5, 2011

მომავლის სიმბოლო


ერთ ცხელ საღამოს ერთ ბარში წავედი. ვიცოდი იქ ბევრი ხალხი არ იქნებოდა და კონდიციონერიც მუშაობდა. ერთი კათხა ლუდი მოვითხოვე და კარებისკენ სახით მიბრუნებული დავჯექი ნახევრადბნელ კუთხეში. ჩემს გარდა ბარში ორი ადამიანი იყო: ქალი, რომელიც კარებისკენ ზურგშექცევით იჯდა და მალი-მალ უკან – კარისკენ – იყურებოდა; და კაცი, რომელიც თავჩაქინდრული იჯდა. იგი ან მთვრალი იყო ან თვლემდა, რადგან ზოგჯერ რაღაცას გაუგებრად ლუღლურებდა. ძილში კი ან ყბედები ლაპარაკობენ ანდა ისინი, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვთ სათქმელი. როცა მეორე კათხა ლუდი შევუკვეთე, ბარის კარები ფართოდ გაიღო და ჩემი ძველი მეგობარი შალვა ჟ. შემოვიდა. ლუდი კვნესა-ოხვრით შეუკვეთა დასიცხულმა და ჩემსკენ ზურგშექცევით დაჯდა იქვე, ახლოს. თავიდან არ მინდოდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ წარსულის სახალისო ამბები გამახსენდა და დავუძახე. შალვას გაეხარდა ჩემი დანახვა და უმალ ჩემთან გადმოჯდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, გავიხსენეთ ძველი ამბები და როცა გასახსენებელი არაფერი დაგვრჩა გავჩუმდით. ბარში ერთი ცნობილი ადგილობრივი მომღერლის ძილისმომგვრელად სევდიანი სიმღერა ისმოდა, რომელიც დამთრგუნველად ზემოქმედებს ნებისმიერ მსმენელზე. 
  პაუზა რომ დამერღვია, ვკითხე შალვას, თუ რას საქმიანობდა. ვიცოდი, რომ ბევრის მიღწევა შეეძლო სამეცნიერო ასპარეზზე ნიჭიერ კონსტრუკტორ-ინჟინერსა და გამომგონებელს. მან კი ნაღვლიანად შემომხედა და ხელი ჩაიქნია. რა უნდა ვქნაო, 10-12 წლის რომ ვიყო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრას ჩამაბარებდნენო; მე კი უკვე 40 წლის ვარ, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა კი ჩავაბარე A კატეგორიით (აბა ლუდს ისე ვინ მისცემდა. სამოქალაქო ქოდექსის ახალი დანართის მიხედვით, თუკი მოქალაქეს არ აქვს ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი, მას ეკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, სამედიცინო მომსახურება, ალკოჰოლური სასმელების შეძენა და მიღება, ქორწინება, მოგზაურობა და მგონი თამბაქოს მოწევაც. A კატეგორია უმაღლესია და მის მფლობელს ეს აკრძალვები არ ეხება), მაგრამ ინგლისური ენის 1 თვიანი კურსის ანდა TOEFL-ის სერთიფიკატი არ მაქვს და ვის რაში სჭირდება ჩემი გამოგონებები ამ ქვეყანაშიო. შალვას სამხედრო და საავიაციო ინჟინერიაში რამდენიმე გამოგონება ჰქონდა და უცხოელებმა იყიდეს, რადგან აქ არავის დასჭირდა. როგორც ჩანს დღემდე მათგან მიღებული ფულით ედგას სული. მე ვურჩიე, რომ ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და იქნებ თავდაცვითი ხასიათის პროექტი გაგეკეთებინა მეთქი. მან კი მომიგო, რომ უკვე გამოიგონა ისეთი ზემძლავრი იარაღი, რომელიც მასიური განადგურების ყველა არსებულ საშუალებას აღემატება ნებისმიერი პარამეტრით. იგი ბირთვული აფეთქების ენერგიას შთანთქავს. მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ამ იარაღის წარმოებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები დაიცავენ და საკუთარი არაფერი გვჭირდებაო. როცა ასეთი მეგობრები გყავს შეგიძლია არხეინად იყო მოქალაქე შალვაო, უთქვამთ მისთვის. 
  ისევ დანაღვლიანდა შალვა და ლუდს მიეძალა. მე შემეცოდა, მისი დამშვიდება გადავწყვიტე და ვუთხარი, რომ ჩვენ სახელმწიფოს ტურისტული ინფრასტრუქტურის დეველოპიზაცია-ოპტიმიზაცია სჭირდება. მაშინ ჩამოვლენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოქალაქეები და ისარგებლებენ ჩვენი განთქმული სტუმართმოყვარეობით, დატკბებიან მთითა და ბარით, ზღვითა და ტბით, საუცხოო საჭმელებით და ღვინით მეთქი… შალვას თვალები გაუბრწყინდა და გულთმისნობაში დამდო ბრალი. აღმოჩნდა, რომ ამ ბოლო პერიოდში იგი ტურიზმთან დაკავშირებულ ერთ გამოგონებაზე მუშაობდა და დაასრულა კიდეც. მივხვდი, რომ შალვას გაჩერება აღარ შეიძლებოდა. მისი მოთხრობა მგზნებარე, თავდადებული იდეალისტის ლაპარაკი იყო, აი ისეთი, სწავლით გაგიჟებულებმა რომ იციან ხოლმე. მოუსმინეთ შალვას მოყოლილ ამბავს:
 “ხომ გახსოვს ჩვენი მეგობარი ზესახელმწიფოს პრეზიდენტი როცა ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა პრეზიდენტმა ტურისტული დეფილე რომ მოუწყო აქ? ყველაფერი აჩვენა, ის რაც გვაქვს და ის რაც შეგვიძლია, ანუ ცეკვა-თამაში და ჭამა-სმა. ეგრე იყო ხომ? საპატიო სტუმარმა ჯერ იცეკვა, მერე კი რესტორნიდან გამოსულმა ხელი მუცელზე მოისვა, გავძეხიო. ძალიან მოსწონებია ჩვენი სამზარეულოს შედევრები. მერე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა განსაკუთრებით ხინკალი დააგემოვნაო. მოეწონებოდა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ამ ამბავმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა და ერთკვირიანი განსჯა-აზროვნების შემდეგ შევძახე – ევრიკა! იდეის პროექტი ჩამოვაყალიბე წერილობით, შევადგინე გრაფიკი და მონდომებით შევუდექი მუშაობას. მაგრამ ყველაფერი თანმიმდევრობით უნდა გითხრა. მაშ ასე, ვთქვათ დაიწყო ტურიზმის დეველოპიზაცია, აშენდა ბევრი სასტუმრო, მომზადდა კადრები ანუ მომსახურე პერსონალი და ა.შ. აქ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მე მოკლედ ვიტყვი მხოლოდ მთავარს და საკითხი ნათელი რომ იყოს, მაგალითს მოვიყვან. ვთქვათ, ტურისტული ავტობუსი ისტორიული ძეგლების დათვალიერების შემდეგ დაღლილ სტუმრებს მარშრუტით გათვალისწინებულ ახალაშენებულ ლუქსორულ რესტორანში მიიყვანს. ტურისტები შედიან ვრცელ გრილ დარბაზში, სადაც მათ მომღიმარი და თავაზიანი გოგო-ბიჭები ეგებებიან და ემსახურებიან, ისმის ჩვენი ესტრადის ვარსკვლავების მომადუნებელი სიმღერები. ხომ წარმოიდგინე? მაშინ ისიც მითხარი თუ რას შეუკვეთავს ტურისტთა 90 პროცენტი ან მეტი? დიახ, ხინკალს. ზემოთხსენებულმა ზესახელმწიფოს პრეზიდენტმა ხინკალს ისეთი პრომოუშენი გაუკეთა, რომ მთელი მსოფლიო ოცნებობს მის ჭამას. მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით გადაულახავ პრობლემას, რადგან ხინკალზე განწყობილ სტუმრებს იმედის გაწბილება ელით წინ. გემოსა და ხარისხის გამო არა, რა თქმა უნდა, რადგან ხინკლის გაკეთებაზე კარგად არაფერი ვიცით ჩვენ ამ ქვეყანაზე. საქმე ხინკლის წვენს ეხება, რომლითაც გამოუცდელი სტუმრები უთუოდ გაიწუწებიან. არადა სათითაოდ ხომ არ მიამაგრებ მათ ხინკლის ჭამის მასწავლებელს? ცხადზე უცხადესია, რომ საქმე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და პრესტიჟს ეხება. ტურისტები ერთგვარ არაკოჰერენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მიზეზ-შედეგობრიობის პოსტულატურ დილემას ვერ დაძლევენ და სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდებიან. შედი მათ მდგომარეობაში: თვალწარმტაცი პეიზაჟები, უძველესი ისტორიული ძეგლები, მყუდრო რესტორანი, მადისაღმძვრელი არმომატი და გაწუწული ნიკაპი თუ სამოსი. ეს ხომ… ეს ხომ არაესთეტურია ბოლოს და ბოლოს. ხინკლის წვენი ის საფრთხეა, რომელიც ჩვენი ქვეყნის აღმავლობას ემუქრება, რომელიც თავის მხრივ ტურიზმს უნდა დაეფუძნოს. ჩვენს ქვეყანაში არც მაღალი ტექნოლოგიებია, არც ინდუსტრია (?!), არც აგრარული სექტორია განვითარებული და აღარც სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტები შემორჩა. ჩვენი ერთადერთი შანსი ტურიზმია. აბა, მსოფლიოს პენიტენციალურ ბანაკად (ანუ ციხე-კოლონიების ცენტრად) ხომ არ ვაქცევთ ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს. თუმცაღა ესეც მომგებიანი ბიზნესია. მე ვფიქრობ და მწამს კიდეც, რომ ტურიზმი ააყვავებს სამშობლოს! და ნუთუ ხინკლის წვენს უნდა შევწიროთ ჩვენი მომავალი? მივხვდი რაც უნდა თქვა, მაგრამ გირჩევ შეეშვი ფუჭ აზრებს. უწვენო ხინკალი ხინკალი არ არის – ეს აქსიომაა! მორჩა და გათავდა. ხინკლის წვენი საკრალური სითხეა. სითხე რელიგიურ სისტემებშიც კი სიწმიდეა და შენ გინდა იგი ჩვენი საამაყო ხინკლიდან ამოიღო? ჩვენი სულმნათი წინაპრების მაინც არ გრცხვენია? მათ ხომ ხინკალი ეროვნულ სიმბოლოდ, ხატად აქციეს. წადი ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დედაბოძზე ან ქვის კედელზე ამოტვიფრული ბორჯღალები ნახე შენი თვალით. ბორჯღალი მარადიულად მბრუნავი სიმბოლოა, ხომ ასეა? ჰოდა, სითხის გარეშე მბრუნავი მომენტი იკარგება, ეს მე გამოთვლებით დავადგინე. თუკი ხინკლიდან წვენს ამოიღებ ის მოკვდება, ანუ ბორჯღალი გაჩერდება. აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა: უწვენო ხინკალი საკრალური ბორჯღალი არ არის, იგი რიგითი საკვების რანგში ქვეითდება. მაშ ასე, ხინკალი და წვენი. ეს უკანასკნელი ემპირიულად საფრთხეს უქმნის ჩვენი სამშობლოს მომავალს. ამიტომ მუშაობის დაწყებისთანავე მიზნად ამ საფრთხის განეიტრალება დავისახე…” 
 “იმ ბარმენს უყურე ერთი, ამ მიმტანი გოგოს ფეხებს თვალს არ აცილებს. გოგოს ბრალია, ჩაეცვა გრძელი კაბა. აბა, რას გავს ეს? გაუშიშვლებია ბარკლები და მიდი-მოდის…” მე გაკვრვებით შევხედე მას და შალვამ განაგრძო. “რას ვამბობდი? ჰო, დღე და ღამე ვმუშაობდი და 7 თვის თავზე ჩემმა პირმშომ – გამოგონებამ – დღის სინათლე იხილა. მე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ხინკალი შევქმენი. ასეთი რამ არავის, არსად და არასდროს გაუკეთებია! ჩემი პირმშო გონიერია. მისი ხელოვნური ინტელექტი შედგება მიკრო ტურბო-რეაქტიული ძრავისა და იაპონური წარმოების ძლიერი ულტრათანამედროვე კომპიუტერული სისტემის სილიკონის მიკრო-ჩიპებისგან: (P VII CPU 10.00 GHz Ram 15GB HDD 999 GB) და პოლაროიდის ფირმის მიკროსკოპული ვიდეო კამერებისგან, რომლებიც wireless-ის მოდემით (უკაბელო კავშირის სისტემა) უკავშირდებიან რესტორანში განთავსებულ GPS (Global Positioning System გლობალური პოზიციონირების თანამგზავრული სისტემა) სტაციონალური მართვის ცენტრს, სადაც ოპერატიულად ხდება თითოეული ხინკლის მონაცემთა ბაზის სწრაფი დამუშავება და მისი მიზნობრივი უტილიზაცია. პრაქტიკულად ეს პროცესი ასე მიმდინარეობს: მოშიებული ტურისტი უყურებს ახალმოტანილი თუხთუხა ხინკლის პორციას. თითოეულ ხინკალზე დამონტაჟებული მიკრო-კამერები აფიქსირებენ პოტენციური მჭამელის (კლიენტის, ტურისტის) თვალის ბადურებს და უკაბელო სისტემით გადასცემენ GPS მართვის ცენტრში. ოპერატორი ასკანერებს მიღებულ ვიდეო ინფორმაციას და სპეციალური პროგრამის საშუალებით ადგენს კლენტის შიმშილის ხარისხს და მისი მჭამელობის (ჭამისუნარიანობის) ამპლიტუდას. თუკი კლენტი მშიერია და მზად არის ჭამისთვის, ოპერატორი კომპიუტერის კლავიშზე თითის ერთი დაჭერით აკეთებს მთელ საქმეს. GPS სისტემის დახმარებით ირთვება ხინკალში ჩამონტაჟებული მინიატურული ტურბო-რეაქტიული ძრავა, რომელიც ხინკალს პირდაპირ კლენტის პირში გაუშვებს. მოხვედრის ცდომილება მინიმალურია და 0, 0002 პროცენტს შეადგენს. ხინკლის ხელოვნური ინტელექტი ისეა დაპროგრამებული, რომ როგორც კი ხინკალი ბოლომდე შევა მჭამელის პირის ღრუში, მოხდება ამ მიკრო-ჩიპების, კამერების და ტურბო-რეაქტიული ძრავის თვითლიკვიდაცია. ეს ყველაზე დრამატული მომენტია, ამიტომ ყურადღებით მისმინე!: ხელოვნური ინტელექტის თვითლიკვიდაციის დროს ხდება 0,00002 კილოტონის ტოლფასი (ტროტილის ექვივალენტით) მიზან-მიმართული აფეთქება, რომელიც გამოყობს ინფრა-ტალღებს (დაბალი სიხშირის გრძელი ტალღა), რაც მჭამელისთვის შეუგრძნობადია. მაგრამ ხინკლისთვის ზედგამოჭრილია, რადგან აფეთქების ტალღა მართულია და ყოველთვის მიმართულია ატმოსფეროს საწინააღმდეგოდ, ანუ ხახისკენ. ამიტომ ხინკალი ზიანდება შიდა მიმართულებით 37 ცალი წვრილი ნახვრეტის სახით. აი, ამ ნახვრეტებიდან წვენი პირდაპირ მჭამელის საჭმლის მომნელებელი ტრაქტისკენ მიედინება ხახის გავლით და ერთი მილიგრამიც კი არ გამოდის მჭამელის პირ-ტუჩის მიმართულებით. ეს არის უდანახარჯო უტილიზაციის ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მოდელი! თითოეული ხინკალი ზუსტად ამ პროცესს გაივლის. აქ მუშაობს ძალიან მარტივი სტრუქტურული პრინციპი, გნებავს პროცესი ან კონვეირი. ჩვენს წინაშეა 3 ძირითადი მოთამაშე: მჭამელი (იგივე კლიენტი, ტურისტი), ხინკალი (ობიექტი) და ოპერატორი, რომელიც ონლინე რეჟიმში ერთდროულად 3-4 კლენტს ემსახურება. ოპერატორის მოვალეობაა დასკენერება, – ერთი კლავიშის დაკლიკვა, შიმშილისა და მჭამელობის ხარისხის განსაზღვრა – კიდევ ერთი კლავიშის დაკლიკვა და მისიის შესრულება ანუ ბოლო მესამე კლავიშის დაკლიკვა. ეს ყველაფერი მოქმედებს დაუმიზნე – ესროლე – დაივიწყე პრინციპით, როგორც თანამედროვე გამანადგურებლების F 22 ღაპტორ საბრძოლო სისტემა. ოპერატორს მისიის შესასრულებლად იგივე დრო სჭირდება, რაც F 22 პილოტს მიზნის გასანადგურებლად Maverick-ის Hellfire-ის სისტემის რაკეტით.
 ეს ყველაფერი შთამბეჭდავია, ცხადია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ტურისტი აღფრთოვანდება ასეთი მომსახურებით. მას ხელის განძრევაც არ მოუწევს შიმშილის მოსაკლავად. შეხედავს შეკვეთილ ხინკალს დამშეული თვალებით და 1,5 წამში ხინკალი წვენიანად მის პირში აღმოჩნდება, სადაც აფეთქდება და უკვე დაქუცმაცებული ადვილად მოსანელებელი გახდება. ვაჰ, მე შენ რამეს გამოგაპარებ? ვიცი, ვიცი, ხინკლის კუჭის საკითხიც გადავჭერი. ხომ იცი, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავს, მეგობარო. მე თავსირა არ ვარ, რომელიც ათ საქმეს იწყებს და ვერც ერთ ასრულებს. ხინკლის კუჭის უტილიზაციის პროცესი ასეთია: როგორც გითხარი, ხელოვნური ინტელექტის აქსესუარები თვითლიკვიდაციისას ფეთქდება და მიმართული დარტყმითი ტალღა ხახის მიმართულებით წვენის გასასვლელ 37 ნახვრეტს აკეთებს. ამ დროს ტალღის უკუდარტყმის პროცესი იწყება, ანუ ტალღის ის თავისუფალი ენერგია, რომელიც ხახის მხარეს ნახვრეტს ვერ გააკეთებს, უკუიქცევა საპირისპირო მხარეს და ეს თავისუფალი კინეტიკური ერთეული ხინკლის კუჭთან ხინკლის ნაოჭების სწრაფი ბრუნვისგან წარმოქმნილ ენერგეტიკულ ტურბოლენტობაში ექცევა. ენერგიის შენახვისა და გაცვლის კანონიდან გამომდინარე, ეს კინეტიკური ენერგია ხინკლის კუჭს ხინკლის ძირითადი კორპუსიდან გლიჯავს ატმოსფეროს მიმართულებით (ცენტრიდანული ძალა), ანუ კუჭი პირის ღრუდან გარეთ გამოდის და როგორც კი გარე ატმოსფეროს ფენას შეეხება ცივდება, ფრენის ინერციას კარგავს და 90 გრადუსიანი კუთხით თეფშზე ეშვება. ეს პროცესი გრძელდება 0,012 წამი და მჭამელი მხოლოდ თეფშზე დაშვებულ კუჭს აფიქსირებს. სკოლა გაიხსენე, 7 კლასის ფიზიკის გაკვეთილი, F = - F. მე ფიზიკის ახალი კანონები არ აღმოვაჩინე, ჩემი გამოგონება არსებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და ჩემი შრომისმოყვარეობის შედეგია. ჩემს ახალ გამოგონებას, ჩემს პირმშოს მე “მომავლის ხინკალი” დავარქვი, საერთაშორისო საპატენტო ბიუროში კი რეგისტრირებულია “Future Symbol“ სახელწოდებით.
 როცა პირველად გამოვცადე წარმატებით ჩემი ნახელავი, თვალზე ცრემლი მომადგა, რადგან ჩვენი სულკურთხეული გმირი წინაპრები გავიხსენე. ასეთი ხინკალი რომ ჰქონოდათ, არც ერთ ომს წააგებდნენ და ქვეყნიერებას დაიპყრობდნენ. მაშინ, ძველად, ხომ მთელი დღე სჭირდებოდა ხინკლის მოხვევა-მოხარშვა-ჭამას, მერე სათაყვანებლად მისი რელიეფური გამოსახულება – ბორჯღალი – უნდა გაკეთებულიყო და აბა, მითხარი, ძმაო, ბრძოლისთვის ვინღა მოიცლიდა. საწყლებს თავზე მოულოდნელად წამოადგებოდა ხოლმე მტერი. უსამართლოდ ვიჩაგრებოდით!

მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდოს. ჩემი მაღალტექნოლოგიური პირმშო ეხლაც გამოადგება სამამულიშვილო საქმეს. მასიურ წარმოებაში ჩაუშვებენ თუ არა “მომავლის ხინკალს” ჩვენს სამშობლოში ტურისტების ტევა არ იქნება და ეკონომიკაც აყვავდება შემოსული ტურ-დოლარებითა და ტურ-ევროებით. სწორედ მაშინ გაბრწყინდება ჩვენი მრავალტანჯული მამული და ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ. დაკარგული მიწები კი არა, სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებიც მოინდომებენ ჩვენთან ერთ ჭერქვეშ გაერთიანებას. ეს რომ მოხდება ნაღდად ვიცი. კახა ჭ. ხომ გახსოვს უნივერსიტეტიდან? რამდენიმე წლის წინ მან წიგნი დაწერა და გამოსცა “ბიბლიის, ყურანისა, ავესტას და რიგვედას დაფარული ინფორმაცია საქართველოს შესახებ”, სადაც მათემატიკური სიზუსტით გამოიანგარიშა გაბრწყინების თარიღი და ისიც დაამტკიცა, რომ ნოეს კიდობანი, მოსეს აღთქმის კიდობანი, გრაალის თასი, ლონგინოზის შუბი და ბაბილონის გოდოლიც კი ჩვენს ქვეყანაში ინახება. წიგნს ბოლოში დართული აქვს გაბრწყინების დროინდელი პოლიტიკური რუკა, სადაც ჩვენი სამშობლოს საზღვრები ვრცელდება შავი ზღვიდან არალის ზღვის დამშრალ კალაპოტამდე და სმოლენსკიდან დუბაიმდე.წარმოიდგინე ასეთი სასწაული, კახა ჭ.-მ წიგნი 10 წლის წინ გამოსცა და იქ ჩემი გამოგონების შესახებაც იწინასწარმეტყველა მათემატიკური გამოთვლებით, მაიას ტომის მზის კალენდარის გამოყენებით. წიგნში წერია (მან პირადადაც მითხრა), რომ ერთი ჩვენებური მეცნიერი ისეთ რამეს გამოიგონებს, რომელიც მილიარდიან ინვესტიციებს მოუტანს სამშობლოს და მას მთელს მსოფლიოში გაუთქვამს სახელსო და ეს გამოგონება კვების მრეწველობასთან იქნება დაკავშირებულიო. კახა წერს, რომ ამ გამოგონებიდან 1 წლის, 7 თვისა და 11 დღის შემდეგ გაბრწყინდებაო ჩვენი სამშობლო. ამ ვადის ამოწურვამდე კი ჩვენი ერთობლივი გამოანგარიშებით დარჩენილია 4 თვე და 16 დღე. უნდა ვიჩქარო, რომ “მომავლის ხინკალი” სერიულ წარმოებაში ჩაუშვან. ეკონომიკის სამინისტრო კი ფეხს ითრევს, GPS სისტემის დასამონტაჟებელი ფინანსური რესურსებისთვის ფინანსთა სამინისტროს ვიზა მჭირდებაო. პარლამენტშიც ვიყავი და საპარლამენტო კომისიების წინაშეცც დავასაბუთე ჩემი გამოგონების მიზანშეწონილობა. უკლებლივ ყველა პარლამენტარი აღფრთოვანდა, “მომავლის ხინკლის” გარდა სხვა ხინკალს პირს არ დავაკარებთო. დამაჯერებელია, ისინი არაფერს აკეთებენ ისედაც და ჭამაც კი ეზარებათ. დამაიმედეს, რომ “მომავლის ხინკლის” პროექტს პირველსავე საბიუჯეტო-ფისკალურ სხდომაზე გაიყვანენ, თუკი ქვორუმი შედგება. ჰოდა, მეც ველოდები იმედით სავსე. დამიჯერე ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია: ან “მომავლის ხინკალი” და გაბრწყინებული სამშობლო, ან კი ჩუმი არაფრისმთქმელი აღსასრული. დიდი იმპერიები გაქრა დედამიწის ზურგიდან და ჩვენ რა გველის წარმოიდგინე!..”

“რას იტყვი ჩემო ძველო მეგობარო,” მომმართა ბოლოს, როცა ეგზალტირებული მონოლოგი დაასრულა. მე თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი, რომ ბევრი უშრომია და საჭიროა მისი შრომა სათანადოდ დაფასდეს და ძალიან კარგია შალვასნაირი გენიალური მეცნიერები კიდევ რომ დადიან თავისუფლად ჩვენს ქვეყანაში. ისიც დავუმატე სერიოზული გამომეტყველებით, რომ ამ გამოგონების შემდეგ მართლაც გაბრწყინდება მარადტანჯული ჩვენი სამშობლო, რადგან მოსახლეობა ინტელექტუალური და სამეცნიერო-შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის საკმარის დროს გამონახავს იმიტომ, რომ ხინკლის მოხვევა-მოხარშვა-ჭამა-თაყვანისცემაში დროს აღარ დაკარგავს. ისიც ვურჩიე, რომ Windows ოპერატიული სისტემის ნაცვლად ჩვენთან ახალი Borjgal დანერგოს სამამულო წარმოების პერსონალური კომპიუტერისთვის, რომელიც მანვე უნდა შექმნას. Borjgal ეროვნული ინტელექტის გამოღვიძების სიმბოლო გახდება მეთქი. კიდევ სხვა, ბევრი ფანტასმაგორიული წინადადებებით მივმართე შალვას. თუმცა სიმართლე გამხელილი სჯობს, შემებრალა ნიჭიერი გამომგონებელი შალვა ჟ. შემებრალა იმიტომ, რომ ცუდ დროსა და ადგილზე მოევლინა ამ ცოდვით აღსავსე წუთისოფელს. იქნებ სჯობდა 12 წლის ყოფილიყო, ინგლისური ენის 1 თვიანი კურსის მოსმენისა და ზოგადი უნარ-ჩვევების სერთიფიკატები ჰქონოდა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის გამგე გამხდარიყო? ეს ჩემთვის უფრო გასაგები და მისაღები იქნებოდა ვიდრე “მომავლის ხინკალი” ანდა მარადიული ძრავა, რომლის გამოგონებას დღემდე ცდილობს ჩემი კიდევ ერთი ძველი მეგობარი დავით ჯ.
  უცებ ბარში შემზარავი კივილი გაისმა. მიმტანი გოგო კარებისკენ გარბოდა და ყვიროდა: “კაცი მოკლეს, პატრულს გამოუძახეთ, გვიშველეთ!..” ამ ყვირილმა სულით-ხორცამდე შესძრა შალვა და მან ლუდი პირიდან ამოასხა. მე ბარის იმ კუთხისკენ გავიხედე, სადაც ქალი და კაცი იჯდნენ მეზობელ მაგიდებთან და შემაძრწუნებელი სცენა ვიხილე. ქალი, რომელიც კარისკენ ზურგშექცევით იჯდა, სატევარს ურტყამდა იმ კაცს, რომელიც ადრე თვლემდა და რაღაცას ლუღლუღებდა. კაცი უკვე უსულო იყო, მაგრამ ქალი მაინც აგრძელებდა სატევრით დაუნდობელი ჭრილობების მიყენებას. Facilis Descensus Averni, რა ადვილია ქვესკნელში ჩასვლა! სისხლი შადრევანივით ასხამდა საბრალო გვამის უსიცოცხლო სხეულის არტერიებიდან. საწყალს მართლა მნიშვნელოვანი რამის თქმა სურდა, მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან დაუნდობლად გამოასალმეს სიცოცხლეს. ბოლოს სასქესო ორგანოები მოაჭრა იმ კაცს იმ ქალმა და ბარის მიმართულებით ისროლა. ამის დანახვაზე ბარმენს გული წაუვიდა და უგონო იატაკზე გაიშხლართა. მკვლელი ქალი კი სირბილით გაეშურა იმ კარისკენ, რომელსაც გამუდმებით უყურებდა. არც კაცი მყავდა ნანახი და არც ქალი მანამდე, მაგრამ ორივე შემებრალა. ისინი ხომ მრავალტანჯული ქვეყნის მუდამტანჯული მშობლების მარადტანჯული შვილები იყვნენ. EEx Nihil Nihilo Fit, ანუ უმიზეზოდ არაფერი ხდებაო, მაგრამ მივანდოთ ეს ამბავი მათ ვინც პურის ფულს შოულობს ასეთი საქმეების გამოძიებით.
  შალვა კი იჯდა შეძრწუნებული და ხმას ვერ იღებდა. მე კი ნანახმა ძალადობამ სუპერ-ტურისტული პროექტის გეგმა გამიჩინა, რომელიც გაშეშებულ შალვას შევთავაზე. აი, ისიც:“შემოავლე ჩვენს სამშობლოს ელქტროფიცირებული მავთულხლართი და გარშემო რკინიგზა გაიყვანე; ტურისტები კომფორტული ვაგონებით შემოუვლიან გარშემო ჩვენს ქვეყანას, დატკბებიან მთითა და ბარით, ისტორიული ძეგლებით და სხვა თვალწარმტაცი პეიზაჟებით. ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები კი მავთულხლართის შიგნითაც დაიშვებიან და დატკბებიან თავსაფრიანი მამაკაცებით და ჩოხიანი დედაკაცებით, მკვლელობებით, დაპატიმრებებით, გატაცება-გაუპატიურებებით, ქონების წართმევა-ჩამორთმევით და სხვა ადრენალინისა თუ ტესტოსტერონის ამწევი ღონისძიებებით. ოღონდ ექსტრიმის მოყვარულ ტურისტებს მაინც მოუწევთ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება …შენ კი შალვა, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვე პილმენი, შაურმა, სთეიქი და პიცა…”
  მაგრამ შალვას ჩემი ხმა არ ესმოდა. შეიძლება მიხვდა, რომ ძაღლის თავი კლიმატო-გენეტიურ კოდში იყო დამარხული და არა ხინკლის წვენში.


რ.ფ.
27 სექტემბერი 2007 წელი

ქვეყანა: მრავალტანჯულეთი
ქალაქი: ნელთბილისი

No comments: