Pages

Powered By Blogger

Sunday, May 2, 2010

QUO VADIS, საქართველო


QUO VADIS, საქართველო

QUO VADIS, საქართველო
ნიკოლო მიწიშვილმა 1922 წელს სტამბოლიდან გამოუგზავნა კოლეგებს წერილი ,,ფიქრები საქართველოზე“.

ნიკოლო და მისი მეუღლე
თამარ ბაგრატიონი
(1922 წელს ნ. მიწიშვილი ,,ეპოპეაში“ წერდა: ,, ...ჩემის ანგარიშით მე კიდევ გავძლებ თხუთმეტ წელს...“_გამართლდა მისი წინასწარმეტყველება_ზუსტად თხუთმეტი წლის შემდეგ, 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.)


იგი ბევრ საკამათო და სუბიექტურ მოსაზრებასშეიცავდა, რაც ცხოვრების გზასაყარზე, გაურკვეველი მომავლის მიჯნასთან მდგარი ახალგაზრდა შემოქმედისთვის არც უნდა იყოს გასაკვირი. მიუხედავად ამისა, ავტორი მოგვიანებით არ მოერიდა მოსალოდნელ მძაფრ შეფასებებს და მიიღო არაორდინარული გადაწყვეტილება საზოგადოების სამსჯავროზე
გამოეტანა იგი. როგორც ნ. მიწიშვილი აღნიშნავს, მისი მიზანი იყო მოეხდინა ამით საზოგადოებრიობის მოწინავე ნაწილის ყურადღების კონცენტრირება ერისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა იცოდა, რომ განწირული იყო მძაფრი კრიტიკისთვის. როგორც მანანა ჩიტიშვილი თავის სადისერტაციო ნაშრომში აღნიშნავს _ ,,წერილმა ძალზე გაიხმაურა ლიტერატურულ წრეებში და მთელი საზოგადოება ააფორიაქა. მიწიშვილი თითქოს განგებ შეეხო ყველაზე მტკივნეულ
სიმს, რომ ბევრისთვის მიეცა საშუალება გამოხმაურების, აზრის გამოთქმისა... მიწიშვილის, როგორც პიროვნებისა და მოღვაწის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი არ მორიდებია ამ კრიტიკული წერილების დაბეჭდვას ჟურნალ ,,ქართულ მწერლობაში“, რომლის რედაქტორიც თვითონ იყო“. მეტიც შეიძლება ითქვას - მიწიშვილმა იცოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს წერილი, რადგან დაბეჭდვამდე წაუკითხავს იგი საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მუშაკებისთვის. მათ გულახდილად, ურჩევიათ, რომ ამ წერილის დასტამბვა თვით ავტორისთვის არ იქნებოდა სასარგებლო, მაგრამ ჩაუთვლიათ, რომ ,,მის გამოქვეყნებას უთუოდ ექნებოდა დადებითი მნიშვნელობა“.
გამოხმაურება წერილზე მართლაც მნიშვნელოვანი იყო. ამის დასტურად მოპასუხეთა ჩამოთვლაც იკმარებდა: გრიგოლ რობაქიძე,
მიხეილ ჯავახიშვილი, სეით დევდარიანი, სიმონ ჩიქოვანი, ბენო გორდეზიანი, ბენიტო ბუაჩიძე, გრიგოლ მუშიშვილი... გამოძახილთა უმეტესობა, რასაკვირველია, დაიბეჭდა ,,ქართულ მწერლობაში“.
პრობლემა საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა - ამ წერილში ავტორი, როგორც ჩანს, შეეხო ქართველთა ყველა თაობისათვის უმტკივნეულეს ისეთ საკითხებს, რომლებზედაც პასუხის გაცემის აუცილებლობა დიდხანს ვერ მოხსნა დღის წესრიგიდან ჟამთა სვლამ - წერილის დაწერიდან 70 წლის შემდეგ, 1993 წელს, ამჯერად უკვე გაზეთ ,,კავკასიონის“ ჩანართ
,,არილის“ - ფურცლებზე ბ-ნ თეიმურაზ მაღლაფერიძის ინიციატივით კვლავ გაიმართა დისკუსია ამ წერილის ირგვლივ. გამოხმაურებები ამჯერად კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, თუმცა რაიმე განმაზოგადებელი სახის ნაშრომის შედგენა არავინ (ან ვერავინ)
იტვირთა. ამ მისიის შესრულება, ალბათ, თავად დებატების ინიციატორს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი უდროოდ გარდაიცვალა და პოლემიკას გაგრძელება არ მოჰყოლია. არადა, ვფიქრობთ, რომ განზოგადების გარეშე ასეთი, ეროვნული ჟღერადობის პრობლემების დატოვება, ალბათ, არ ეგების. სწორედ ამიტომ, სასარგებლოდ ვცანით ნიკოლო მიწიშვილის წერილში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებული პოლემიკის ამსახველი, ჩვენთვის ცნობილი მასალის ერთად თავმოყრა, იქნებ ეს მოხერხებული და, ამდენად, სასარგებლო აღმოჩნდეს მომავალში
იმ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომელიც, ჩვენის აზრით, გამოხატავს ნიკოლო მიწიშვილის წერილის არსს -,,რანი ვართ?..“
მიხეილ ჯავახიშვილი, რომელსაც ნიკოლო მიწიშვილთან თბილი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, ერთ-ერთი წერილისადმი მიძღვნილ მკაცრ გამოძახილს ასეთი შეძახილით ამთავრებს: ,,QUO VADIS, (საით მიდიხარ), ნიკოლო
მიწიშვილო?!“
ვფიქრობთ, ნიკოლო მიწიშვილმაც თავისი წერილით ანალოგიური კითხვა დასვა: ,,QUO VADIS, საქართველოვ?!“

ილამაზ მიწიშვილი


ნიკოლო პარიზში.
,, ... ღმერთო, უშველე შენს მონას ნიკოლოს,
რომ არ მოკვდეს, არ დაეცეს, არ ჩაიქოლოს. ღმერთო¨
ნ. მიწიშვილი



ფიქრები საქართველოზე
ძვირფასო ამხანაგებო

ეს წერილია თქვენზე და პოეზიაზე. შეიძლება ხვალ ამის გამოგზავნა მოვახერხო და ამაღამ მინდაგესაუბროთ თქვენ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეებია სტამბოლში და შემდეგ არ ვიცი, როდის შევძლებ რამის მოწერას. ეს სამი თვე, რომელიც დავყავი ამ გარყვნილ ქალაქში - გავატარემარტო კითხვასა და ჩვენზე ფიქრში და ამ წერილში მინდა ამაზე გელაპარაკოთ. ხომ გახსოვთ ტიუტჩევი:
Но вам друзья знакомо вдохновенье
На краткий миг в сердечном умиленьи
Я жребий свой невольно забывал
И радость пел пока о вас мечтал
სიხარული, როგორც ამას დაინახავთ - აქ აღარაა,მაგრამ ფიქრები თქვენზე და საქართველოზე - არის. და ეს მინდა თქვენ დაგიბაროთ.
თქვენ დაინახავთ, რომ ჩემი შთაბეჭდილება არაა სრული, ყოველმხრივი და დეტალური, მაგრამ ესაა პირველი შთაბეჭდილება და ვნახოთ შემდეგ რა იქნება.
გარდა ამისა მე ჩემს დაფასებაში მივყვები იმ თვისებას, რომელიც წამომყვა საქართველოდან და შეიძლება ეს ვიხმარო უმთავრეს
საბუთად და ჩემს გასამართლებლად.
საქმე იმაშია, რომ პოეტმა უნდა გაიგოს თუ ,,რაშია საქმე“.
პოეტისათვის, მე მგონია, ესაა უმთავრესი და სავალდებულო. მან ერთი შეხედვით უნდა გასინჯოს პულსი, ჩააფრინდეს ,,ძირს“ და არ ,,დაადოს ხელი იქ, სადაც არ უნდა“.
ამას იქით იწყება უკვე ,,დოხტურობა“, დიაგნოსტიკა, ქირურგია და ღეჭვა. ესე იგი ყველაფერი ის, რაც სწოვს პოეზიას, რაც საზრდოობს მითი, ხოლო რასაც პოეზია არასოდეს არ დაერქმევა.
ამ გრძნობას მივყვები მეც და ყველაფერი, რაც აქ ითქმევა _ ამის ნეგატივია.
ეს არის თქვენი გრძნობაც პოეზიის, მე მგონია.
ყოველ შემთხვევაში ეხლა, როცა მე ასე თუ ისე უკვე შევადგინე ერთგვარი წარმოდგენა უცხოეთის ლიტერატურისშესახებ და ვეკითხები ჩემს თავს: ჩამოვრჩით თუ არა ჩვენ პოეზიას - მე უსათუოდ ერთი პასუხი მაქვს: არა, ჩვენ არ ჩამოვრჩენილვართ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ხუთი წელი დახურულ ყუთში ვზივართ.
შეიძლება ჩვენ ვერ გავთელეთ ბერგსონი, უცნობია ჩვენთვის ეინშტაინის თეორია, ბუნდოვანი იყოს შპენგლერი (და ის მართლაც ბუნდოვანია ისე, როგორც მისი გვარი). უფრო აშკარად ამბობდა გერცენი თავის დროზე: ,, Прощай буржуазная Европа“ -ო; მეტად სუსტნი ვიყოთ კანტებსა და სხვა ამისთანებში. ეს მართალია. მართალია, რომ ყოველივე ეს, როგორც აზროვნება, როგორც ცეხვა და ცოხნა - მიდის ჩვენს გარეშე და ჩვენში შეიძლება ვერ სტოვებს კვალს. ამ მხრივ, შეიძლება, მართლა ჩამოვრჩით, და - ეს ჩვენი ნაკლია, მაგრამ ის , რაც ამ ცოხნიდან გამომდინარეობს, რისთვისაც ყველაფერი ეს გაჩენილია და რასაც ყველა ეძებს - ამას ჩვენ ვგრძნობთ და თუ, მაგ: შპენგლერი მექანიკური სეისმოგრაფია, მაჩვენებელი დღევანდელი კულტურის შექანების და შენგრევის - ჩვენ ვართ ის ხარი, რომელიც სეისმოგრაფზე ადრე გრძნობს მიწისძვრას. ეს არის კოსმიური გრძნობა ყოველი პოეტის; მიკრობი, რომელიც შედის მის სისხლში და უცვლის მას ფერს.
ევროპის ხელოვნება და პოეზია, როგორც ხედვითი სანახაობა, როგორც წაუკითხავი წიგნი, უნახავი გამოფენა, ან მოუსმენელი მუსიკა, მიდიოდა შორს ჩვენგან, მაგრამ ის მარადიული სინათლე, რომლითაც ანათებს ხელოვნება ყოველ დროს, და ის შეუსხლეტელი სისხლი, რომელიც საუკუნეებით სჩქეფს ყველა პოეტის ძარღვებში - ვგრძნობ, გადმოსხმულია ჩვენშიც.
ეს გრძნობა და თვისება გვაერთიანებს ჩვენ უცხოეთთან და, ალბათ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მე აქ არ ვიგრძენი თავი ჩამორჩენილად.
მივყვები შემდეგ.
ამრიგად - ჩვენ ვიცით ის ,,ღჯილო“, სადაც შესულია პოეზია.
ჩვენ მხარდამხარ მივყვებით იმ შეგნებას, რომელიც დღეს არსებობს სხვაგან და შეიძლება ჩვენში ზოგიერთი უპირატესობანიც კი ვიპოვოთ.
მაგრამ, როცა ვფიქრობ ჩვენზე, ჩვენს გზებზე და ჩვენს მიღწევებზე - მე ვხედავ, რომ ჩვენ ეს შეგნება, ეს ძალა ვერ ავიყვანეთ იმ სიმაღლემდე, რომელზედაც ეს შეგვეძლო. ვერ გავზარდეთ, ვერ გამოვიყენეთ და რომ ჩვენი შემოქმედება არ არის გამართლებული.
მე მჯერა ჩვენი პოეტური ინტუიცია და პოტენცია, მაგრამ მე ვხედავ იმასაც, რომ ჩვენი შემოქმედება შეკვეცილი, ფრთაშეჭრილი, დამცირებული და გაუშლელია.
ეს ჩემთვის უდავოა და აქ წერტილს დავსვამ.
და აქ იწყება ჩემთვის საშინელი ფიქრები, თუ ერთია - რატომ მეორე არაა?
მე მინდა ვნახო ამის მიზეზი და ჩემი ეჭვები გადადის თვით ჩვენს ყოფნაზედ, იმ წვენის სიმშრალეზე, რომლითაც უნდა ვსაზრდოებდეთ ჩვენ, როგორც ქართველი პოეტები.
აქ არის ჩემის ფიქრით, ჩვენი კრიზისი, რომლიდანაც მე გამოსავალს ვეძებ.
მე არ ვიცი - ვის უყვარს საქართველო ჩვენზე მეტად. დღეს ყოველ გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავისი თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია, რომელიც დაისრულია სამშობლოთი და სამშობლოსათვის. ყოველი მეშჩანინი, რომელიც ვერ ახერხებს ნამდვილი საქონლით სპეკულაციას - სპეკულანტობს დღეს საქართველოს სიყვარულით.
საქართველო და პატრიოტობა დღეს ჩვენში შეიქნა ყოველი კარიერაშერყეული ქართველის ჯაგლაგათ, რომელსაც მიაჩანჩალებს დონ კიხოტივით.
მე არ ვიტყვი აქაურებზე, რადგანაც, გერცენის არ იყოს, ემიგრანტობა თავის თავად მეტად ცუდი ავადმყოფობაა, და ქართველ ემიგრაციას რომ განსაკუთრებული ტკივილი მართებს - ცხადია.
მაგრამ მე ვიცი ხალხი, რომელიც აქაურებში მიწასთან ასწორებს ქართველ ბოლშევიკებს და საქართველოში კი იმავე ბოლშევიკურ ხელისუფლების ქვეშ მილიარდებს აკეთებენ. საქართველოში ბოლშევიკებს უძვრებიან უკანა კარებიდან და, ყოველ შემთხვევისათვის,რომელიმე რესტორანში მენშევიკებსა და ნაც.-დემ. -თან მაინც მოიწმენდენ ხოლმე კეთილშობილ ცრემლს.
და ყველა ასეთებს, ალბათ, ჩვენზედ მეტად ,,უყვართ’’ საქართველო.
თქვენ იცით ბევრი ქართველი, რომელიც ტკბილად ემსახურება საბჭოთა ხელისუფლებას, შერიგებით და მორიგებით, ,,არ იკლებს არაფერს“, მაგრამ ,,დღიური წესრიგის” ამოსაწურავად ყოველ შემთხვევისათვის მაინც გააჩერბს მოსახვევში თავისიანს, ჰკითხავს ,,თუ რა ისმის“, და დამშვიდებული სინდისით წავა შინისაკენ.
თქვენ იცით – ასეთი ხალხი და ამგვარი ,,ტიპები” ყველაზე მეტს გვიყვიროდნენ ჩვენ და წრიპინებდნენ ჩვენს
ბოლშევიკობასა და კომუნისტობაზე (რამაც სტამბოლამდე და პარიზამდეც კი ჩააღწია).
ეს ქართული ,,თილისმობაა”, ეს ყოველთვის ქართული ჩვეულება იყო და თუ ეხლაც ჩვენში ეროვნული მორალი და კეთილშობილება ამ ხაზით უნდა წავიდეს - დეე ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ხეირი ანახოს. მე ამ გზით ვერ ვიარ.
დღევანდელ ხანაში ეს უსინდისო, სპეკულანტური, გაიძვერული ფსიხოლოგია, რომელიც წაღმა - უკუღმა ,,ეტორღიალება” საქართველოს სხეულს - განსაკუთრებით ძლიერია.
ასეა აქაც.
და როცა ფიქრობ ასეთ ფიქრებს, როცა თვალწინ გიდგება ასეთი ხალხი და საქართველო - მე ვერ ვპოულობ ვერც ერთ სახეს, რომელიც ღირსი იყოს საქართველოსი და მინდა ვიყვირო:
,,Тъфу сволочи!¨
თქვენ იცით ეს თავდასხმა ჩვენზე, რომელიც, ალბათ გაგრძელდება, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო, რომ არ ვართ პატრიოტები. ამას ყრანტალობს ხოლმე ერთიანად როგორც ვინმე ფილისტერი, ისე ,,პატრიოტი’’, უკმაყოფილო და გულმოსული იმით, რომ ჩვენ არ დავდივართ ქუჩა-ქუჩა და სიმონა ჯღამაძესავით არ ვყვირით ,,მზეო, ამოდი, ამოდი’’- ს.
გამიგრძელდა ამაზე წერა, მაგრამ აქეთ წამომიყვანა სიტყვებმა, საცა გავჩერდი ჩვენს შემოქმედებაზე, ჩემს იჭვზე და საქართველოზე და განვაგრძობ.
დიახ, მე ვამბობ, რომ ჩვენმა ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, რომ მასშია დიდი გრძნობა პოეზიის გაგებისა და ათვისებისა, ვერ აიმაღლა თავი შემოქმედებაში იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო თვითეული ჩვენი ამხანაგის პოტენციის
მიხედვით. ამას ვუწოდე მე ჩვენი კრიზისი და არა თავის გასამართლებლად ვახსენე მე საქართველო და მისი სიმშრალე.
ჩვენი მტრები იტყვიან, რომ ჩვენ ,,ამოვიწურეთ”, ან რომ ჩვენ ვართ ზარმაცები, ან კიდევ სხვა რამეს. მაგრამ ეს არ მიმაჩნია საყურადღებოდ და ამაზე არ გავჩერდები.
ჩემი ფიქრები ებჯინება საქართველოს, და იგრიხება ასე:
ჩემს წინ სდგას კითხვა: კითხვა ,,დედა-შვილობის” და ვკითხულობ: სამშობლო პოეტისათვის (ხელოვანისათვის), თუ პოეტი სამშობლოსათვის.
საზრდოობა სამშობლოსაგან, თუ ,,რჩენა” სამშობლოსი.
იმ სახით, როგორც მე ამას ვკითხულობ, ეხლა ევროპაში ეს საკითხი არ დაისმის. შეიძლება რუსეთში დაისვას ეს კითხვა.
ეს იქ მართლაც არის, მაგრამ განსაკუთრებით კი ეს ჩვენი ქართული საკითხია.
და მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ,,სამშობლო – პოეტისათვის’’ (ხელოვანისათვის), ე. ი.რომ სამშობლოში (არა მარტო ზოოლოგიურ ცნებებსა და ეტნოგრაფიულ ფერებში) უნდა არსებობდეს ის ენერგია, ის სხვადასხვაობა, რომელიც ბადებს
დიდ შემოქმედებას. სამშობლოში უნდა იყოს სტიქია, ატმოსფერო, ნოყიერება, რომელიც აღმოაცენებს შემოქმედებას.
სწორედ აქ მეეჭვება მე საქართველო. აქ მეჩვენება მე ის იმგვარ ქალად, რომელსაც, სოფელში რომ იტყვიან,
,,უშვილობის წამალი აქვს დალეული’’.
ბოლოს და ბოლოს ეს სიტყვა უნდა ითქვას და მისი არ უნდა გვეშინოდეს. თუმცა დღეს გახარებულ ქართულ ატმოსფეროში ძნელია ამის თქმა...
აქ გვეტყვიან, რომ შეიძლება ეს არის თვითმკვლელობა ჩვენი და მოიყვანენ ძველ ჩექმასავით გაცვეთილ მაგალითს იმ შტოს გადაჭრის შესახებ, რომელზედაც კაცი ზის. რა გაეწყობა!
და მე ვფიქრობ, დიახ, ჩვენ და დღევანდელი საქართველო (და შეიძლება საქართველო საზოგადოდ) ვართ ორი ანდროგინი, და ჩვენგან არ შეიქმნის შთამომავლობა. და თუ საქართველოს წარმოვიდგენთ სულიწმინდის მიერ დაორსულებულ არსებად, რომელსაც ,,ბებია’’ სჭირდება, რათა მიიღოს ხელთ ,,ნაყოფი მუცლის მისისა’’, მაშინაც ჩვენ ვერ გამოვდგებით ასეთ ბებიად, ვინაიდან ნაყოფი იგი არ არის და არც იქნება გამართლება ჩვენი წარმოდგენის, ჩვენი სურვილების, ჩვენი შეგნების და იმ დიდი სიყვარულის, რომლითაც გვიყვარს საქართველო.
ჩვენი მოწინააღმდეგები აქ ახსენებენ სხვა სახელებს ჩვენს გარშემო, იტყვიან, რომ ეს მარტო ჩვენა ვართ უვარგისი, რომ არიან სხვებიც. კი, ბატონო.
_ რააა? ვინაა?
აქ იტყვიან, რომ პოეტი, მაგალითად, ,,დახეული დროშის’’ ლექსით სამშობლოს ემსახურება. როგორ? განა მასზე ნაკლებად ემსახურება სამშობლოს უცხო ვინმე რუსთაველის პროსპექტიდან, რომელიც ,,ანტანტის ფლოტის’’ შესახებ გავრცელებულ ჭორებით ნაკლებ კი არა, უფრო მეტად აღელვებს ,,პატრიოტების’’ გულსა და ,,ემსახურება’’ ქვეყანას?! ეს მეჭორე და ეს პოეტი ერთნაირად ღელდებიან და აღელვებენ, მაგრამ რა შუაშია აქ პოეზია?
ესაა, ჩემი ფიქრით, ის უკუღმართი მოვლენა, რომელზედაც ზევით ვლაპარაკობდი, როცა სამშობლო არ აძლევს პოეტს რასმეს და, პირიქით, პოეტი ცდილობს მისცეს მას.
პოეზიაში და, საზოგადოდ, ეს დამარცხების ამბავია და ჩვენ ვიცით, რომ ეს სიყალბეა, გაუგებრობაა და მართლა სირცხვილი იმ პოეტს, რომელსაც შეეხარბება ასეთ გაუგებრობაზე აშენებული ძეგლი.
ჩვენში დღეს ვერც ერთ პოეტზე ,,კვანჭს ვერ მოკიდებ” და ვერ ნახავ მასში ვერც პოეზიას და ვერც საქართველოს.
ასეთი ყუმი და უმია ჩვენი პროზაც. აძიგძიგებული, როგორც ციებიანი ქათამი სამეგრელოში.
მე მეშინია ამაზე ფიქრი.
კი, ბატონო, ჩვენ ვიყვეთ დეგენერატები; დეე, საქართველო არ გვიყვარდეს; დეე, ჩვენ გაგვრიყოს საქართველომ და ეთაყვანოს თუნდაც რწყილს. კი, მაგრამ სხვები სადაა? სხვებს რაღა დაემართა? რომ არც სხვა სჩანს?
და შემდეგ. ჩვენთვის, ჩვენნაირად ხომ გვიყვარს საქართველო, ხომ გვინდა ის ჩვენი საქართველო, რომელიც ჩვენს ოცნებაში ზის, მუდამ ვეალერსებით და სხვანაირია. რომ არც ამ საქართველოზე გვაქვს ჩვენ კონკრეტული წარმოდგენა?
ჩვენს ოცნებას საქართველოზე ელაპარაკება მხოლოდ ჩვენი გული და სიყვარული, ჩვენი სურვილი, მაგრამ არის სურვილი, ნდობა და არ არის რეალობა...
ჩვენ საქართველოს მზე არ გაგვანათებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ის ვერც სხვამ ნახა და თუ მარტო ჩოხა-ახალუხია საქართველო, უტიეთ მას, წამოდით აქეთ, დავიკარგოთ, წყალში გადავვარდეთ!!
ჩვენ, ამხანაგებო, დიდი დეფექტები გვაქვს, მაგრამ ერთი ცხადია, რომ პოეზია უსათუოდ გვესმის, ვგრძნობთ მას სხვაზე მეტად. ამას მიმტკიცებს მე მთელი ის თანამედროვე ლიტერატურა, რომელშიაც ვბუნაგობ აქ და სწორედ ამიტომ ჩვენ ყველაზე ადრე უნდა მივსულიყავით საქართველოს მიგნებამდე.
ეს ჩვენ ვერ ვქენით, ვერ შევძელით. აქაა ჩვენი საფრთხე და ჩვენი უბედურება. ამის მეშინია მე და აი, რატომ:
როგორი ინტერნაციონალურიც არ უნდა იყოს პოეზია და ხელოვნება ის, ჩემის ფიქრით, მაინც ატარებს ეროვნულ სახეს. თვით ვერლენი, რომელსაც ნაკლებად ახსენდება სამშობლო და რომელიც ამბობს - ,,Я равнодушен к судьбе народа“-ო (ჯერ კიდევ ვერ მომყავს ფრანგული ციტატები) - ეროვნული მოვლენაა. შექსპირიც, დანტეც. ეროვნულია,,ომი და ზავი“, ,,ჟან კრისტოფი“ (რომელიც მხოლოდ ეხლა გადვიკითხე), მაგრამ ამ ერის და ეროვნების სახე იმდენად ძლიერია შემოქმედში, რომ მას სრულიად არ სჭირდება ლაპარაკი: ,,გაუმარჯოს საფრანგეთსო!“ და სხვა. ამას ყვირის თითეული სტრიქონი ყოველი ავტორისა. ეს წვრილმანი არ სჭირდება ავტორს, რადგან მის ერს იმდენი ქონი აქვს, იმდენი სხვადასხვაობააა მასში, იმდენათ თვალსაჩინოა და გრანდიოზულია ის, როგორც ერი, რომ რაც უნდა არაეროვნული ხასიათის იყოს ნაწარმოები - მისი ქვეყანა მაინც შიგაა. ის ყვირის და იძახის.
ამის წინათ აქ იყო კლოდ ფარერი, რომელსაც სტამბოლმა დიდი ზეიმი გაუმართა. ოსმალეთს ეძახიან ,,პიერ ლოტისა და ფარერის ქვეყანას“ - სულ ამ თათრებზე სწერენ, მაგრამ ისინი მაინც საფრანგეთის ლიტერატურაში არიან, საფრანგეთის ხალხი არიან.
აიღეთ რუსეთი. რუსის ხელოვნებამ მთელი ევროპა დაიპყრო, არსად იმდენი ხალხი არ დადის, როგორც რუსების გამოფენაზე პარიზში. არც ერთი ლიტერატურა ისე არ აინტერესებთ, როგორც რუსული. პირდაპირ შურით ივსები, როცა ხედავ წიგნის მაღაზიებს ავსებულს მერეჟკოვსკით, ბუნინით, დოსტოევსკით და სხვა - ფრანგულ ენაზე. სუდეიკინი ვერ აუდის თეატრების შეკვეთებს და მისი სურათები მიაქვთ ამერიკაში. ერენბურგი გამოდის რუსულად, ფრანგულად, გერმანულად. ესენინი და კლიუევი ყვირიან ბარბიუსის ,,კლარტე“-ში. ბევრი ჩვენი ნაცნობი რუსი მწერალი იბეჭდება თიღქმის ყოველთვიურ ,,მერკურ დე ფრანს“_ში და სხვ.
რა არის ეს?
ეს არის რუსეთი, რომელიც ნახა რუსის შემოქმედმა. ესაა რუსეთი, რომელიც მონახეს კირეევსკებმა და აქსაკოვმა; რომელიც აკურთხა ,,რაინდმა ბერმა “ სოლოვიოვმა, რომელსაც მიახეთქა თავისი გამსკდარი თავი ჩადაევმა; რომელზედაც სტიროდა გერცენი - ეს ბაყბაყ-დევი რევოლუციის პათოსისა; რომელმაც დაარწმუნა ბელლი თავის მესსიანობაში და სხვა და სხვა. ეს რუსეთი აყვირებს და ასაზრდოებს თავის პოეტებს, შემოქმედებს...
აქ არის ხაზიც - ძიების და განდგომისა, ტირილისა და ძაგვის. მაგრამ ტირის პოეტი, რომელსაც აწევს რაღაც გრანდიოზული, რომელსაც ახრჩობს თავისი ქვეყნის სიდიდე, სხვანაირობა, საკვირველობა, თავისი სამშობლოს ღმერთი.
მოიგონეთ დოსტოევსკის მსჯელობა ერებზე და სახელმწიფოებზე: ხომ არარაა ის ერი, რომელსაც არა ყავს და არა სწამს საკუთარი, თავისი ღმერთიო.
ეს ღმერთი ყველას ყავს, მართლა. ეს ღმერთი ყავს საფრანგეთს, რომელიც კურთხევადა სდგას მარნაზე და ელენეს კუნძულზე, ბასტილიაზე და მარსელიეზაში; ეს ღმერთი ყავს გერმანეთს(და მარტო ამ ღმერთს ეხებოდა ის შტამპი, რომელიც დაკრული ქონდა სამხედრო საგნებს ომის დროს - ,,ღმერთო, დასაჯე ინგლისიო’’); ინგლისს, რომლის ღმერთი ვენერასავით ამოდის ზღვიდან, შემდეგ იქცევა ოფელიად, რომ გაცოცხლდეს ინდოეთში...
ჩვენ ყველა ვხედავთ სკვითების ღმერთს...
და ასე ყველგან.
სხვებსაც ყავს და თუ არ ყავთ - შედიან სხვის საყდარში. ეს ღმერთები აკურთხებენ მათ პოეზიას, მათ ხელოვნებას, ასუქებენ და ანავარდებენ მას.
და ჩვენც, თუ გავშლით ფრთებს - გავშლით, როგორც ეროვნული მოვლენა, თუ გავალთ ევროპაში - გავალთ, როგორც და მარტო ქართველები, რომელნიც გავიტანთ და გამოვაჩენთ საქართველოს სახებას.
და როცა კვლავ ვუბრუნდები სააქრთველოს, მე მას ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ და მეშინია; ნუთუ საქართველო მარტო ეტნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაგვარებაში გადასული?
როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას - იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი... არის რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართულის იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში.
იქნება საქართველო წარსულში გაამართლოს ჯვარმა, რომლისთვისაც ის იგლიჯებოდა ყოველი მხრიდან. მაგრამ ჯვარისაგან ხომ კურთხევა უნდა გამოდიოდეს და სადაა ეს კურთხევა? ნუთუ ჩვენი აწიოკებული ისტორია კურთხევაა? ნუთუ ორიათასი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ძალამ ვერ შვა მოვლენა, რომელიც გამოირკვევდა საქართველოს, როგორც მოწოდებას, საკუთარის აზრით და დანიშნულებით. ნუთუ საბოლოოდ და სამუდამოთ მოკლებულია საქართველო იმ ,,ნათლის სვეტს“, რომელიც წინ მიუძღვის ყოველს ხალხს ახალი სიტყვისა და შემოქმედებისაკენ.
ორიათასი წლის განმავლობაში მე ვერ ვხედავ ამას და მეეჭვება თვით რუსთაველიც: თუ ის ჩვენი ცხოვრებისაგანაა - უსათუოდ გაუგებრობაა ის; თუ არადა - ან რუსთაველი არაა ქართველი, ანდა მისი პოემა ადვილად ნაშოვნია სადმე.
მე ვიბნევი და მეშინია ასეთი კითხვების; მაწუხებს ეს აქ, ისე როგორც არასოდეს და ირყევა ჩემი სიმტკიცე და გული.
მე არ მინდა უარვყო საქართველო წარსულში და მომავალში. მაგრამ ესე ხდება ეს. თუ ერის სახე იხატება მის შემოქმედებაში - საქართველოს სახე დღეს განსაკუთრებით ძნელი სანახავია,ხოლო ჩვენს შემდეგ რა მოდის ხელოვნებაში და პოეზიაში - ეს თქვენ იცით. ეს საუკუნე ვერ მისცემს საქართველოს ვერც ერთ პოეტს, ვერც ერთ ჭეშმარიტ მწერალს...
შეიძლება ვერც ჩვენ ავიმაღლოთ ხმა, როგორც შემოქმედმა. შეიძლება ჩვენც ჩაგვყლაპოს იმ არარაობამ, რომელიც სვამს საქართველოს ბედს, მის სულსა და სისხლს საუკუნეთა განმავლობაში.
მე მგონია, რომ ყველა ჩვენგანი ამას ვგრძნობთ.
ჩვენ რომ ვეძებდეთ დაფასებას დღევანდელს, სახელს იაფს - ამას ყოველი ჩვენგანი შეძლებდა. ეს ადვილია, მაგრამ ეს იქნება ღალატი სინდისისა და პოეზიისა. და ის, რაც მარადიულია ყველგან, რასაც უხვად აძლევს სხვა ხელოვნებას სხვა სამშობლოები - ჩვენ საქართველოში მას ვერ ვხედავთ და ვვარდებით სკეპტიციზმში, რომელიც, ალბათ, მიგვიყვანს ცინიზმამდე.
სადაც არ უნდა წავიდეთ, ამ მიზეზის გამო ჩვენ თავს მაღლა ვერ ავწევთ და ვერც ერთ ჩვენთაგანში დღეს ვერ ალაპარაკდება საქართველო ისე, როგორც ალაპარაკდა იტალია მარინეტის ინტერნაციონალურ მანიფესტებში.
ისეთი ინტერნაციონალური მოვლენა, როგორიცაა რევოლუცია, უაღრესად ეროვნულ სახეს ამოისვრის ხოლმე პოეტში. საუკეთესო პოეტები რუსეთის რევოლუციისა, რომელიც იშვენ რევოლუციით და მესამე ინტერნაციონალის ვარსკვლავსაც უგალობენ, ყველაზე მეტად ეროვნული არიან.
მაიაკოვსკი. ესენინი. კლიუევი.
ტატლინის ძეგლი მესამე ინტერნაციონალისათვის ეროვნული პოტენციის შედეგია, რომელიც გააქანა, აამოძრავა და გამოაჩინა რევოლუციამ.
დროა გავათავო წერილი!
ჩვენი გემი, რომელზედაც მე ვცხოვრობ, დგას ,,ოქროს რქაზე“. ღამეა და ამ სიწყნარეში უკვე მესამედ ყივის თათრის მამალი ნაპირიდან.
მეც დავიღალე.
სტამბოლი ხომ ისტორიული პუნქტია, სადაც სტიროდნენ ქართველები. ეს წყლები ,,ბაბილონის მდინარეებია“ და იქნებ ოდესმე ქართველი პოეტიც დასტიროდა აქ თავის ბედს და სამშობლოს ისე, როგორც მე. იქნებ ისიც ეძებდა საკუთარ ვარსკვლავს ამ მინარეთების წვეტიან თავებში და ეს მთვარიანი მინარეთები მასაც უფარავდნენ სამშობლოს სახეს ისე, როგორც ჩემთვისაა ის დაფარული და მიუგნებელი...
ვინ იცის.
ვიჩქარი დასკვნებს. მეშინია ამ ,,ერესი“-ს, მაგრამ ესაა და რა ვქნა.
საქართველო პასიური მოვლენაა.
მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მისი გარეშე მყოფ მოვლენისაგან. (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ).
საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე,შემოქმედების გენიასაც.
მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს.
ამითაა, რომ მშრალია და ფუყე საქართველო. აქედანაა მისი ,,უშვილოსნობა”, თუ ბერწობა.
ამის შედეგია, ჩემის ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის.
მე მგონია ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი“...

ჟურნალი, ,,ქართული მწერლობა”, 1926 სექტემბერი-ოქტომბერი, გვ.11-23 

No comments: