კარგად წაკითხვა წასაკითხისა
ილია ჭავჭავაძე
დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა წასაკითხისა. ერთი ფრიად სასიამოვნო დაფრიად სასარგებლო ხელოვნება ეგ კარგად წაკითხვაა და ვისაც ამ ხელოვნებისუნარი აქვს, შეუძლიან სთქვას, რომ მეც მომმადლებია მადლი ღვთისაგანაო, არც მე დავვიწყებივარ ჩემს დამბადებელსაო.
კარგად წაკითხული სიტყვა ერთი ათად აძლიერებს აზრსაც, გრძნობასაც, რადგანაც ერთსაცა და მეორესაც მეტისმეტად ამშვენიერებს და ამკობს, აცხოველებს და აფერადებს. ამის გამო ხელოვნური, კარგი წაკითხვა არა მარტო სასურველია, სასარგებლოც არის, ნამეტნავად იქ, საცა წასაკითხს საქმე გრძნობასთან აქვს, საცა სიტყვამ გულამდე უნდამიაღწიოს მთელის სავსეობით, მთელის თავის სიღრმე-სიგანით, მთელის თავისმხურვალებით, რომ გული მისძრას-მოსძრას, ჩვეულებრივ თვლემისაგანგამოაფხიზლოს და ფრთა შეასხას ან ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, ანუ რისხვისა და წყრომის ქარტეხისა და ჭექა-ქუხილისათვის.
ძლიერია თავისთავადაც სიტყვა.
ხოლო რაც გინდ ზედმიწევნილი იყოს, რაც გინდ ზედგამოჭრილი, რაც გინდ მოსწრებული, სიტყვა ბუნებითად მაინც უძლურია მთელი ”მზიან-ჩრდილიანობა” გრძნობისა გამოსთქვას უმეტნაკლებოდ. სიტყვას, მთელის ხელოვნების მეოხებით მორთულსა და გაწყობილს, მაინც ბევრი იმისთანა ჰრჩება გამოუთქმელად, რაც მთქმელის გულში ჰბგერს და სძგერს და რაშიც საკუთრივ არის ძალ-ღონე, მთელის ასე თუ ისე გამოსათქმელ გრძნობისა. სიტყვა, ენა კაცისა უღონოა ყოველივე ეს აღმობეჭდოს იქამდე ზედმიწევნით, რომ მსმენელმა იგრძნოს მთელი სავსეობა გულის ძგერისა. მარტო შეწყობილს, შეფერებულს ხმას ადამიანისას ანუ, უკედ ვსთქვათ, წაკითხვას შეუძლიან გაუწიოს სიტყვას იგი სამსახური, რომ საიდუმლო გამოთქმული ბგერა, ბგერა და მოძრაობა გულისა გამომეტყველდეს დამთქმელისაგან მსმენელს გადაეცეს სავსედ და უნაკლულოდ.
აქ ხმა სიტყვას ჰშველის და სიტყვა ხმასა. მოჭარბებული არ მოგვივა ვსთქვათ, რომ აქ ცოტად თუ ბევრად სიტყვიერება ჰმუსიკობს და მუსიკა ჰსიტყვიერობს. სწორედ მუსიკა და სიტყვიერება აქ ხელიხელ ჩართულნი არიან საყვარელ და-ძმასავით, რომ ერთმანეთის შემწეობით, ერთიანი გრძნობა აღმოშობონ მთელის ზედმიწევნილობით და ძალ-ღონით. ტყუილად კი არა სთქვა სახელოვანმა ლესსინგმა, რომ პოეზიაენამეტყველი მუსიკაა და მუსიკა უტყვი პოეზიააო. აქ რომ სიტყვა ”პოეზია” ”სიტყვიერებად” შევცვალოთ, დიდი შეცდომა არ მოგვივა, იმიტომ რომ ხმა-შეწყობილი გამოთქმა სიტყვისა, თუნდა უბრალო ლაპარაკში, თუ მთლად მუსიკა არ არის, მისი ერთი დარგია მაინც, რადგანაც მის კანონს ცოტად თუ ბევრად ექვემდებარება. ასეა თუ ისე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წასაკითხისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღიძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, როგორც ზემოდა ვსთქვით.
ეს ამისთანა ადგილი ეკკლესიაა, რომლის ზარი მიიწვევს ხოლმე ხალხს ლოცვისათვის და წასაკითხი კიდევ სამღვთო წერილია, რომლის მაღალმეტყველებამ უნდა განმსჭვალოს მთელი კრებული მლოცველთა ერთიანის სასოებითა და ღვთის მიმართ აღმაფრენით.
ჩვენთა წინაპართა კარგად ესმოდათ, რა დიდი ზედმოქმედება აქვს კარგადწაკითხულს სამღვთო წერილს ეკკლესიაში, საცა დიდება და სახელი ღვთისა შეჰკრებს ხოლმე ღვთის მოსავს ხალხსა საერთო ლოცვისა და ვედრებისათვის. კარგად ესმოდათ დაძვირადაც აფასებდნენ კარგად მკითხველს მღვდელს, მთავარს თუ დიაკვანსა. ჩვენ ზოგიერთი იმისთანა მაგალითებიც ვიცით, რომ ყმობიდამაც კი განუთავისუფლებიათ კაცი მარტო იმისთვის, რომ კარგი კითხვა სცოდნია სამღვთო წერილისა.
ბევრს, უკვე განსვენებულს მოძღვარს, დღესაც პატივისცემით იხსენიებს ქართველობა კარგის კითხვისათვის. მამა ტარასის, დანიელ ზურიაშვილს და ბევრსსხვას დღესაც ბევრნი ჰნატრულობენ და ქებითა და პატივისცემით იხსენიებენ. ჩვენიუწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწურთვნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ვლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთაღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრამაღლისა და სიკეთისათვის ბევრად დამოკიდებულია სამღვთო წერილის კარგადწაკითხვაზედ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეკკლესია სახლია ღვთისა, საცა ხალხი თავს იყრის, რომ მღვდელმსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთადევედრონ,ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველი სიტკბოება, რომელსაც გაღვიძებული გრძნობა სარწმუნოებისა მოუვლენს ხოლმეღვთისმოსავს ადამიანს.
აი რა მიიზიდავდა, რა მიიწვევდა ხოლმე ჩვენში მლოცველს წირვა-ლოცვაზედუწინდელ დროში.
იესო ქრისტემ ბრძანა, საცა ორი და სამი შეიკრიბებით სახელითა ჩემითა, მეცთქვენთანა ვარო და ეკკლესიამ, წირვაა თუ ლოცვა, უნდა გვაგრძნობინოსჩვენთან ყოფნა ქრისტესი, როცა ერთად თავმოყრილი ვართ ეკკლესიაში. ამას მარტო კარგად და სასოებით გამოთქმულ ლოცვით, კარგად და სასოებით წაკითხულსამღვთო წერილით გვაგრძნობინებს ხოლმე იგი წმინდა საკრებულო, რომელსაც სახლი ღვთისა ჰქვიან. აი მიზეზი, რომ დიდი და პატარა უწინდელ დროშიმიისწრაფებოდა ეკკლესიაში სალოცავად, როცა წირვისა თუ ლოცვის ზარისამრეკლოდამ
გაიხმაურებდა.
ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ქართულად კარგი მკითხველი სამღვთო წერილისაიშვიათია და ძნელად მოიპოვება ჩვენს სამღვდელოებაში. დღეს აღარავის არ მიაჩნია სასიქადულოდ კარგად კითხვა ეკკლესიაში და ეს არცოდნა კითხვისა მით უფროუნდა ემძიმებოდეს სამღვდელოებას, მით უფრო შესაწუხებელი უნდა იყოს, რომ, თუ სულ არა, ბევრში მაინც ამაზეა დამოკიდებული მეტნაკლებობა სარწმუნოებრივის გრძნობისა, რომელსაც ეკლესია დღეყოველ უნდა აღვიძებდეს დააძლიერებდეს. ამისათვის სამღვდელოებას ხელთა აქვს ის დიდებული, მშვენიერი სიტყვიერება ქართულის სამღვთო წერილისა, ქართულის ლოცვებისა, რომლის ძალა, რომლის ზედმოქმედება გულს თავის ბუდეში სასოებით შესძრავს ხოლმე, როცა კარგად წაკითხულია, კარგად გამოთქმულია.
ჩვენ კარგა ხანია არ გაგვიგონია ჩვენის სამღვდელოებისაგან კარგად თქმულილოცვა ან კარგად წაკითხული სამღვთო წერილი ეკკლესიაში. არც არსაიდამ ისმისღა ხმა, რომ ამისთანანი დღეს იყვნენ სადმე.
სამწუხაროა ეს ამბავი და მით უფრო მადლობით სახსენებელია მთავარდიაკვანიკარგარეთელი, რომელმაც დ. ბაქრაძის დასაფლავების დღეს წაიკითხა წმინდა სახარება; მან დაგვანახვა, რომ ჯერ კიდევ ღვთის მადლით ქართველები, არ გამოვკლებივართ მშვენიერს კითხვას, რომ ჩვენში არიან კიდევ იმისთანა ღვთისმსახურნი, რომელთაც მიმადლებული აქვთ ნიჭი და ცოდნა, დიდებული მეტყველება სამღვთო წერილისა მსმენელთა გულში უმეტნაკლებოდ აღბეჭდონ და ღვთის მიერ აღთქმულინუგეშინის ცემა და სასოება ხსნისა უნუგეშოს და უსასოოს ღვთისმოსავსმიჰმადლონ. მთავარდიაკვანმა კარგარეთელმა თავის სასახელოდ ეს შესძლო და ეს, ვითიშვიათი ამბავი, მეტი არ არის, რომ ჩვენ ჩვენს მატიანეში შევიტანეთ ჩვენის სამღვდელოების სამაგალითოდდა საყურადღებოდ.
1890 წ., 17 თებერვალი
გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 18 II, № 37, გვ. 1 - 2.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
No comments:
Post a Comment