დღეს ევროპაში სამი უმთავრესი სახელმწიფოა, – გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი, რომელთაც დროთა ვითარებამ თითქმის ერთნაირი შინაური საქმეები აუჩინა გადასაწყვეტად; და სამი სახელმწიფო კაცი, გერმანიაში – ბისმარკი, ინგლისში – გლადსტონი და საფრანგეთში – ფრეისინე, მოწოდებულნი არიან თავ–თავიანთ ერისაგან – ეს დროთა ვითარებისაგან წარმომდინარე საქმე, თითქმის ერთგვარი, ერთარსისა და ერთსახისა გადასწყვიტონ. ეჭვი არ არის, რომ ეს ერთი და იგივე საქმე ამ სამს სხვადასხვანაირ სახელმწიფოში ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას ვერ მოელოდინება. ხოლო თითონ გადაწყვეტილება ისე საინტერესო არ არის, როგორც ის საფუძველი, სისტემა, რომელსაც ამ შემთხვევაში თვითოეული მათგანი დაადგება. საქმე იმისთანა თვისებისაა,რომ უსათუოდ თეორია პრაქტიკით უნდა განახორცილელონ,განყენებული
ეს საქმე – მუშაა ყოფა–ცხოვრების საქმეა. საფრანგეთში დეკაზვილის არეულობამ წამოაყენა ეს საქმე, ინგლისში – მუშათა აღრევამ დიდ ქალაქებში, და გერმანიაში – სოციალ–დემოკრატების გაძლიერებამ პარლამენტში.
დეკაზვილში (ქვა–ნახშირის მდიდარი მადნებია) პირი შეჰკრეს, თუ საფასურს არ მოგვიმატებენ და სამუშაო დღეს არ შეგვიმოკლებენო, აღარ ვიმუშავებთო. საფრანგეთში მუშათა მომხრე დასი ძლიერია და ამ დასმა მუშებს სარჩლი გაუწია. ამ დასის წარმომადგენელნი არა ერთი და ორია ეხლანდელს საფრანგეთის პარლამენტში. ამიტომაც ეს დეკაზვილის საქმე უქმად არ ჩაუვლის მთავარს მინისტრს ფრეისინეს და ეხლანდელს პარლამენტსა. ერთმაც და მეორემაც ან ჰო უნდა სთქვას, ან არა – მუშათა ყოფა–ცხოვრების განკარგების თაობაზედ. „არას“ თქმა შეუძლებელია და მთელი „ჰოს“ თქმაც ძნელია. ძნელია იმიტომ, რომ ეგრეთწოდებული „ბურჟაზია“ ყალხზედ შესდგება და დღეს ამ ბურჟუაზიას დიდი ღონე აქვს და მნიშვნელობა სამინისტროს მტკიცედ ფეხზე დგომისა და დღეგრძელობისათვის. „არას“ თქმა კიდევ იმიტომ არის შეუძლებელი, რომ მუშების მოსარჩლე დასი, როგორც მთელს საფრანგეთსა, ისეთ თითონ პარლამენტში – რიხიანი, ფხიანი და კარგა მოზრდილი დასია. იმოდენად აქვს ამ დასს ყოველივე ეს თვისება, რომ შეუძლებელია ეხლანდელი სამინისტრო და პარლამენტი თავის მოძღვრებისაკენ არ გადმოხაროს. ამ სახით, საფრანგეთი მუშათა საქმეს საფუძვლად ამათს მოძღვრებას დაუდებს, ცოტად თუ ბევრად. ეს, ჩვენის ფიქრით, უეჭველია.
სულ სხვას საფუძველს იხმარებს ინგლისი, რომელსაც სახელმწიფო მოძღვრებად აღიარებული აქვს თვითმმართველობა ერისა და რომელსაც ეგ თვითმმართველობა ყოველის საზოგადოებრივის წყლულის წამლად მიაჩნია დღესაც. ეს ცხადია. ამ ბოლოს ხანებში ინგლისის პარლამენტის წევრმა ბ–ნმა დასონმა შეიტანა წინადადება, რომ სახელმწიფომ აუჩინოს უსაქმოდ დარჩენილ მუშათა – სახელმწიფო სამუშაო რამ. დიდი ბაასი ასტყდა ამაზედ და თვითმმართველობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ჩამბერლენმა ამ ბაასში ყველაზედ მომეტებული მონაწილეობა მიიღო, და მისის სიტყვის ზედმოქმედებას აბრალებენ, რომ დასონმა თავისი წინადადება უკან წაიღო. ჩამბერლენმა იმაზედ დააფუძნა თავისი სიტყვა და რჩევა, რომ მუშათა უსაქმობისა და მათთვის სამუშაოს აღმოჩენა სჯობია თვითმმართველობის თაოსნობას მიენდოსო, თვითმმართველობა უკეთმოუპოვებს მუშებს საქმესაო და უკეთ დასდებს წამალსა დღევანდელს სატკივარსაო. ეს სიტყვა როგორღაც არ უხდება თვით ჩამბერლენის მოძღვრებას, რომელიც დიდი ხანია ჰქადაგებს, რომ მუშათა უნუგეშო ყოფა უმამულობიდან წარმოსდგებაო; ამისი წამალი სოფლის მამულების წვრილ–წვრილად განაწილებაა მუშათა შორისო. ჩამბერლენი დღესაც ამ აზრს ადგია, და თუ პარლამენტში ეს არ უხსენებია, უსათუოდ თვითმმართველობის იმედით, რომელიც, დღეს იქნება თუ ხვალე, ამ მხრით თაოსნობას იკისრებს. ამ სახით, ინგლისი მუშათა საქმეს საფუძვლად დაუდებს თვის საყვარელ მოძღვრებას, ესე იგი თვითმმართველობის ყოვლადშემძლეობას. ეგევე წამალი დღეს გლადსტონს ხელთ უპყრია ირლანდიის დასაკმაყოფილებლად და მის სატკივარის მოსარჩენად.
სულ სხვა საფუძველს ადგია ბისმარკი. მისის აზრით, ყოველივე – სახელმწიფოს ძლიერს ხელში უნდა იყოსო, ყოველივე მის ინტერესებს უნდა ქვეშ ამოუდგესო. სახელმწიფო ინტერესი ითხოვს – მუშათა ხალხი მის ხელთ იოს და ყოველთვის მისი შემყურებელიო და სახელმწიფო მონოპოლიები მოიგონა, თუმცა მარცხი მოუვიდა ამაებში, როგორც ამ უკანასკნელ დროს გვაუწყებენ გაზეთები არაყისა და სპირტის მონოპოლიების თაობაზედ. სახელმწიფო ინტერესი ითხოვსო, რომ პოლიაკები პოზნანში არიყვნენო და გაიყვანა ის შემაძრწუნებელი კანონი პოლიაკების განდევნისა, მამა–პაპეულ მამულებიდამ ძალად აყრისა და გაძევებისა. . .
ამ სამის თეორიისაგან რომელი დაიჭერს თავს ევროპაში, ევროპის შინაურს ცხოვრებაში, – ამას დრო გამოაჩენს. ჩვენ აქ მთელს ევროპას ვახსენებთ იმიტომ – რომ ამ შემთხვევაში ერთის ცდა მეორისათვის ჭკვაა. და ამ საბუთით გამარჯვება სამში ერთის თეორიისა მეტად საინტერესო უნდა იყოს ყველასათვის.
ილია ჭავჭავაძე
ტფილისი, 10 მარტი, 1886 წ.
No comments:
Post a Comment