Pages

Powered By Blogger

Thursday, June 9, 2011

ნიჭიერი მწერალი. ვაჟა-ფშაველა


ნიჭიერი მწერალი. ვაჟა-ფშაველა

პუბლიცისტიკა
(
არ ახალია ძველია)

ვაჟა-ფშაველა




საჭიროდ ვრაცხ ამ თავიდანვე გავაფრთხილო მკითხველი, რადგან სიტყვასმწერალიროცა ვხმარობ, ვიგულისხმებ პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვის დაერქმის ღირსეულად ეს სახელი?

რა ნიშნები ეტყობა უტყუარს ნიჭსა?

მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარიენაუნდა ჰქონდეს, ვინაიდან ეს სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ,- მწერლის სულია. ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისიმე”. ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის.

ამ განსაკუთრებულს დაღს რა ასვამს ნაწარმოებს და რა ჰხდის მას ადვილსაცნობლად?

ეს გახლავთენა”, რაშიაც უხილავად ჩაქსოვილია მთელი მისი სულიერი სიცოცხლე, ავლადიდება. ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, აქ არის ჩაწმახნული. მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი სურათები, თუნდაც ისინი სხვის სურათებს ჰგავდეს, მაინცდამაინც თავისებურად უნდა იყოს გამოთქმული. მაშასადამე, ორიგინალობა უნდა ეტყობოდეს, ბეჭედი თავისებურობისა უნდა ესვას.

ეს, ვსთქვათ, გარეგანი ნიშნებია მწერლის ნიჭისა, ხოლო შინაგანი ღირსება ისაა, თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულებისაა ეს მოვლენანი, რამდენად დამოკიდებულია ამ მოვლენებზე ბედი და უბედურობა, სიავე და სიკეთე ადამიანთა სიცოცხლისა, ცხოვრებისა, - და რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ, რამდენად გვიტაცებს, გვიმორჩილებს მისი ნაწარმოები, - ჩვენზე რამდენად ძლიერად მოქმედობს. ყოველი ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ მწერალი რამდენად ღრმადაა ჩახედული ცხოვრებაში, რამდენად ესმის საჭირბოროტო კითხვები ამ ცხოვრებისა და რამდენად ძლიერად იგრძნო მათი მავნებლობა, თუ სარგებლობა.

დიაღ, სარგებლობა დამავნებლობა...

ნუ გგონიათ, რომ ამას ანგარიშს არ უწევდეს პოეტი.

თუ სხვაში ყველაფერში, დაბდური, უანგარიშო, დაუდევარია, ამ შემთხვევაში უაღრესად ანგარიშიანობას იჩენს, - იგი ადამიანთა ცხოვრების დარაჯია.

გენიოსების ნაწარმოები რომ განსჭვრიტოთ ამ თვალსაზრისით იქ უფრო ცხადად შეჰნიშნავთ ამას; ესაა მათი დამახასიათებელი, ესაა ღრმა, წამალდაუდებელი, მოურჩენელი წყლული იმათის გულისა. ცხოვრების და ბუნების გარეშე წარმოუდგენელია მწერალი, როგორც ყოველი სულიერი და უსულო არსება; წარმოუდგენელია ნიჭიერი მწერალი, გენიოსი, უიმისოდ, რომ იმას არ აწუხებდეს ტკივილი ადამიანთა ცხოვრებისა.

თუ ამას მოკლებულია, იქ ნიჭს რა ესაქმების? იგი მაშინ მკვდარი, არარაობაა.

შეიძლება გენიოსების ნაწარმოებში ეს ადამიანთა ცხოვრების ტკივილები მკითხველს თვალში არ ეჩხირებოდეს, როგორც რეკლამა, მაგრამ, აბა, მოჩიჩქნეთ, ღრმად მოუთხარეთ, ჩაიხედეთ კარგად, რაოდენ ცრემლის ზღვას დაინახავთ, ადამიანთა უბედურებისა გამო დანთხეულს!

რამდენადაც დიდი ნიჭის პატრონია მწერალი, მით უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ცხოვრებასთან, მის მწვავე საკითხებთან.

გენიოსი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქურასი და იმავე დროს ეს წუთისოფელიც სდუღს და ნახევრად მოხარშულიცაა იმის გულშ


გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ; არ შეუძლიან აგრეტვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირებულების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან.

გენიოსთა ნაწარმოები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეთნოგრაფიულზეა აღმოცენებული, მაშასადამეკერძო თვისებისა ზოგადი, საკაცობრიო ხდება და ერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც უნდა ეკუთვნოდეს იგი...

ნიჭიერი მწერალი ექიმია ცხოვრებისა და, თუ მწერალთა შორის სხვადასხვაობა იბადება, სხვადასხვა წამლის მიწვდა სნეულისათვის, ეგ ნიჭის და ინდივიდუალობის ბრალია.

ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებს სამი უმთავრესი მიმართულება ეტყობა, თუ კარგად დავუკვირდებით:

პირველი ის, რომ ჩვენ მონანი ვართ ცხოვრების პიროვნებისა, უძლურნი ვართ მის წინაშე, - არ არსებობს თავისუფალი ჩვენი ნება, - ყოველი უბედურება ჩვენს თავს: უსამართლობა, უზნეობა, სიღარიბე, ყოველგვარი ცდომილება ამ პირობების ბრალია.

მეორე მიმართულება გვიკარნახებს, რომ აქ ცხოვრების პირობები არაფერ შუაშია და, თუ ჩვენ, საზოგადოების წევრნი, პირადად არ გავუკეთესდებით, ათასი კარგი პირობებიც რომ შევქმნათ, მაინც არაფრად ვევარგებით, უბედურები ვიქნებით, მაინც უსამართლობას, საწყლობას, უსწორმასწორობას თავიდან ვერ ავიცილებთო.

მესამე მიმართულება, აერთებს რა პირველ ორ მიმართულებას, . . ცხოვრების პირობათა ძლიერებას იღებს მხედველობაში, პიროვნებათა, ინდივიდთა გაუმჯობესებას მეტს ღირებულებას, მეტს მნიშვნელობას აძლევს.

აი სასწორი და საზომი, რომლითაც მწერალნი ჰზომენ და სწონენ ცხოვრების მოვლენათა.

აღზრდისა, პირველ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ ზოგი პოეტი საგმირო მოვლენათ დაჰმღერის, მეორე ბუნებას, მესამეს თავის საგნად მდაბიო ხალხის ცხოვრება გაუხდია და სხვ.

აქედან წარმოსდგება თვისება, მიმართულება ნიჭისა, ხოლო სიღრმე აზრისა და გრძნობისა ნიჭის ძლიერებაზე, მის განვითარებაზეა დამოკიდებული.

ერთსა და იმავე საგანზე, თემაზე, ყველა პოეტი ერთსა და იმავე ღირსების თხზულებას ვერ დასწერს და ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საგანი მისის ნიჭის, შემოქმედების საზღვრების გარეშეა, არ შეესაბამება მის ნიჭსა და, თუ შეესაბამება, სუსტი ნაწარმოების დამწერი სუსტის ნიჭის პატრონად უნდა ვაღიაროთ.

ახალგაზრდა ნიჭს, რომელსაც ჯერ გზა ვერ გაუკვლევია, ბნელში ხელებს აფათურებს, ტირილზე ტირის, სიცილზე იცინის, ხოლო არ იცის, ვერ ჰხედავს ტირილი მგლისაა, თუ ცხვრისა, სიცილი კეთილ ადამიანებისაა, თუ ავაზაკთა, ხშირად მისდევს მოდას, ბრბოს, დროების გემოვნებას, ჰღალატობს თავის ნიჭს, იმ ფესვებს, რომლებზედაც აღმოცენდა მისი ნიჭი და შემოქმედება.

ამ შემთხვევაში მას დახმარება კრიტიკამ უნდა გაუწიოს, დააყენოს შესაფერ გზაზე.

დიდი საქმეა მწერლისათვის, სცნობდეს იგი თავის ფესვებს; დიდი საქმეა მცენარისათვის, ერთს ალაგას იდგეს და მის ფესვებს არავინ სჩიჩქნიდეს და ერთი ადგილიდან მეორეზე და მესამეზე არ გადაჰქონდეთ, ხოლო ფესვები მწერლისა მის სიყრმის დროის სიცოცხლეშია გართხმული. იქ, სწორედ იმ მომენტიდან იწყება ამ ფესვების ზრდა, როცა პირველად მწერლის ნიჭი გაიღვიძებს, ცხოვრების, ბუნების შთაბეჭდილებათა წყალობით, როცა ის ანვაისწარმოთქვამს, ანუის”...
ვაჟა-ფშაველა



სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი უკვდავია ადამიანის გულში საერთოდ, მით უმეტეს ნიჭიერი ადამიანისა, და ნიჭის სათავე და დასაწყისიც სწორედ იქ არის. პირველად პატარა ყლორტი ამოვა და, ტუ არაფერმა სეუშალა ხელი, თანდათან ზრდას იწყებს და დიდი ხედ გადაიზრდება. ასე სწარმოებს ნიჭის განვითარებაც.

ეს სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი ასმევენ პოეტს შემოქმედების ნექტარს. დარწმუნდით, რომ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ შექსპირებმა და რუსთაველებმა გაგვაგონეს ხმებიგულისა გასაგმირანი”.

დიდად საჭიროა მწერლისათვის პატრიოტიზმი, თავის ენის და ერის სიყვარული.

როგორ შეიძლებოდა, თქვენვე იფიქრეთ, რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა, ეგრძნო და ისე დაეწერავეფხისტყაოსანი?”

ან დიდი მცოდნეც რომ ყოფილიყო მონგოლურის და არაბულის ენებისა და იმათ ენაზე დაეწერა თავის უკვდავი ნაწარმოები, ის იქნებოდა, რასაც დღეს ვხედავთ? არც მესამედი!

პოეტისათვის ისევ საჭიროა უყვარდეს თავისი ერი და ამ სიყვარულს იმდენივე მნიშვნელობა აქვს მისთვის, რამდენიც ორთქმავლისათვის ორთქლსა, როგორც უორთქლოდ მანქანა არ დაიძვრის, ისე პოეტის შემოქმედება დუნეა, თუ იგი ამ სიყვარულმა არ აამოძრავა, აღშფოთება არ შთაბერა მას.

დედა-ენა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა ერთნაირი ამამოძრავებელი ძალაა და ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის ძალ-ღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა. თუ პირველი მარცხნივ უდგა და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოების ფორმას აძლევს.

წინდაწინვე განსაზღვრა ფორმის ნამდვილი პოეტისათვის ყოვლად შეუძლებელია, ფორმა უნდა მოჰყვეს თვით ნაგრძნობს და ნააზრევს. ნამდვილად ნაგრძნობს საგანს და ნაწარმოებს თან მოჰყვება ფორმა. როცა კი მწერალი კალამს ხელს მოჰკიდებს და ფორმის წინასწარ პლანის შედგენას, ძალდატანებას თვით შეუდგება, ნაწარმოების სისუსტის მომასწავებელია.

მკითხველი მხოლოდ მაშინ წამოიძახებს პოეტის ნაწარმოებზე: ”რა კარგია, რა მშვენიერებააო”, როცა სურათი, რომელიც მან დახატა, ისეთს სულიერს ტკივილებს აგრძნობინებდა მწერალს, როგორც ფოზიკური ტკივილი გულისა, თავისა, მთელის სხეულისა. ეს კი მოხდება მაშინ, როცა გულში მოხარშული სურათი ჩუმად მუჯლუგუნებსა სცემს პოეტს: “ჩქარა, ქაღალდი და კალამი, დამხატე, გააცანი ჩემი თავი ადამიანთაო”. სურათის ქმნა პოეტის გულ-გონებაში მშობელ ენაზე სწარმოებს, ჩუმად, ყრუდ...

პოეტები თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მიმართულებით, წერის საგანთა შერჩევით, ბევრშიაც ჰგვანან ერთიმეორეს: უყვართ სილამაზე, რომელსაც უსათუოდ ქალის სახით წარმოიდგენენ, - ბუნება, გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე, საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი, და სძულთ ძალმომრეობა, ადამიანისა ადამიანის მიერ დაჩაგვრა, მონობა და ზნეობრივად დაცემა საერთოდ.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად მოწაქდინებულია გააბედნიეროს იგი, ვისაც დიდად უყვარს ცხოვრება და ანიაზება მისი გაუკეთესება, ამისათვის საჭიროა დიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მისი ცხოვრებისა.

იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც, რასაც თავად ჰგრძნობს და ჰფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს, ვისშიაც ძლიერად სჩქფს ეროვნული სისხლი, ვინაიდან ეს უმთავრესი ფესვია იმის შემოქმედებისა; ეს, როგორც ქართველი ერი ამბობს, “ალალი რძეა დედისა”, და, ნუ ჰგონია ვისმე, - უამისოდ ნაყოფი გამოიღოს მისმა ნიჭმა.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისი ნაწარმოებიც, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, მით კიდევ მადას გიღვიძებს ახლად წაკითვისას. მაშასადამე, ნაწარმოებში უნდა იყოს ჩაქსოვილი უკვდავი ჭეშმარიტერბა, სამარადისო მშვენიერება...

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისაც სიცილიც ნამდვილი ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი, ნამდვილი ცრემლია და არა რაღაც წყალწყალა სითხე, - ვისაც, როცა უკანასკნელი წამი დაჰკრავს და სამარეში ჩაეშვება მწერლის გვამი, ჩანგი თან ლოცვა-კურთხევას ჩააყოლებს და არა სამდურავსაც.

ყალბი იყავ და ყალბად მაჟღერებდიო!

1910
.


მთანი მაღალნი ვაჟა-ფშაველა



იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი; უსაზღვრო ზღვადა დგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ, სახეზე კი არაფერი ეტყობათ, გარდა შტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა. ვინ რა იცის, რა ამბავია მთების გულში, რა ცეცხლი სდუღს და გადმოდის.

მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით? ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი? იქნებ შვილი დაჰკარგეთ? იქნება ძმა ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ? პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი, რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას? არა აქვს იმას ბოლო, არც დასასრული, როგორც ღვთაებას.


როცა ყველა სულდგმულს, მწერს, ბალახს, ყვავილებს, მდინარეს და მოუსვენარს, დაუღალავს ნიავს დაეძინებათ, მაშინ, მხოლოდ მაშინ ამოიოხრებენ და ცრემლსა ღვრიან. ჩვენ, კაცნი მაშინ ვამბობთ: ახ, რა მძიმე ლოდივით ნაღველი მაწევს გულზეო.

რატომ არ მღერით, მთებო?! განა ისე უნდა მოვკვდე, რომ თქვენი ხმა, თქვენი სიმღერა ვერ გავიგონო? რატომ არ იცინით? ღიმილი მაინც მაჩვენეთ თქვენი, კარგებო! მაგრე როგორ დაგიმონათ, შეგიპყრათ, დაგიმორჩილათ ერთმა ფიქრმა, რომ სხვა ყოველივე ძალა და ნიშანი სიცოცხლისა დათრგუნვილა თქვენს გულ-გონებაში?! არა, არა. ხანდახან თქვენც გიხარიანთ, და ქვეყანას კი ჰგონია, ვითომ თქვენ არაფერს ჰგრძნობთ. ხომ ვიცი, თქვენს გულში სანთლები დაენთება, როცა ლაღი არწივი დაგთამაშებთ თავზე და დასასვენებლად თქვენს კალთაზედ ჩამოეშვება. რა ლამაზები ხართ მაშინ! როგორ გიხდებათ, რომ ის თქვენი აღზრდილი შვილი ისე მამაცი, შეუპოვარი და ლამაზია. ის ხომ შიკრიკიცაა თქვენი. ღმერთს უამბობს, ატყობინებს თქვენს ამბავს...

არა გაქვთ აზრი? იდეა? გრძნობა? არ ოცნებობთ? როგორ არა! მაშ რაა ის მშვენიერი ყვავილები, თქვენ რომ გულმკერდს გიმშვენებთ? ეგაა თქვენი ოცნება, იმედი, ნუგეში. რად იბურავთ თავს ხშირის ნისლებით, თუ ჩუმ-ჩუმად რასმე არა ჰფიქრობთ და მაგ ფიქრს არ გვიმალავთ ადამიანის შვილებს?! რად მოგყავთ ბალახი? რად ადენთ ცივთა წყაროთა? რად აქანებთ ზვავებს? რადა ზრდით ლაღთა ხარ-ჯიხვთა? ვის ატყუებთ, თქვე კარგებო!

სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ, ელვა უტუსავს ოქროს ქოჩორს, მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულ-მკერდში. არაფერია. ინგრევა ხშირად ნახევარი მთა და ზვავად მიდის ხევში. არაფერი ეგრევ, თუ კლდე და ლოდები მაინც ელიან. წადით, ვისაც არ გინდათ ჩვენთან, მაღლა, ცის ახლოს ყოფნა, დაბლა განისვენეთ.

სდებს თოვლს. ჰყინავს. ცივა. ქვა ტყვრება. მთებს სუდარი ჩაუცვამთ ტანზე, თითქოს მკვდრები იყვნენ. დაგვმარხეთ, დაგვიტირეთო, - გვეძახიან. ჩვენ კი იმათგან მოველით დამარხვას...

სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის? ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა. ჰნახეს და გაათავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა. ეს ხომ თვალგულის გაუმაძღრობაა? სწორედ რომ ისაა.

1895